„თუ დარჩება, უბედნიერესი ვიქნები, მაგრამ...“ - ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაშვილზე
„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ ესპანურ Las Provincias-სთან ინტერვიუს დროს გიორგი ქოჩორაშვილის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველის შენარჩუნება რთული იქნება.
რას ამბობს კალერო:
„გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც ევროპირველობაზე მის თამაშს ვუყურებდით. იმედი გვქონდა, რომ მისთვის ყველაფერი კარგად წავიდოდა, რადგან ეს კარგი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე „ლევანტესთვისაც“. ფინანსური საკითხები ჩემი საქმე არ არის, გუნდში საკმარისად მაქვს ჩემი საქმეც. რა თქმა უნდა, თუ დარჩება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის ყოლასაც ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. როდესაც დაბრუნდა, ვესაუბრე. ყველა ხედავთ, როგორ ენერგიაზეა და როგორი მშიერია. ბუნებრივია, რომ სატრანსფერო ბაზარი მიდის და ამ დროს ცვლილებები ხდება ხოლმე. ვაცნობიერებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ეს რაც შეიძლება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს გუნდისთვის“.
Mundo Levante UD-ის ჟურნალისტის, ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ვიგოს „სელტა“ და „ესპანიოლი“ გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით დაინტერესებულნი არიან. ლა ლიგის გასულ სეზონში „სელტა“ მე-13 ადგილზე გავიდა, „ესპანიოლი“ კი ლა ლიგა 2-ში თამაშობდა და ელიტაში დაბრუნდა. ამ ეტაპზე „ლევანტეს“ ესპანური კლუბებიდან ოფიციალური წინადადებები არ მიუღია. იმ შემთხვევაში თუ ქოჩორაშვილი ესპანეთს დატოვებს, ყველაზე რეალური სერია A-ში გადასვლაა.
შეგახსენებთ, ესპანურმა MARCA-მ 20 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწერა, რომ რამდენიმე კლუბმა ინტერესი გამოხატა. ფეხბურთელის საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო იყო, თუმცა შესაძლოა სატრანსფერო თანხა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გაიზარდოს. მიმდინარე ზაფხულში ქოჩორაშვილი „ვილიარეალს“, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ დაუკავშირეს.