„პირველი რაუნდის ბოლოს მხარზე მყესი გამიწყდა“ - ჭიკაძე ალენთან მარცხის შემდეგ
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს დაუბრუნდა. „ნინძა“ მანჩესტერში, UFC 304-ზე არნოლდ ალენს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ პირველი რაუნდის ბოლოს მხარზე ტრავმა მიიღო, რამაც ბრძოლის სცენარში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
რას ამბობს ჭიკაძე:
„პირველი რაუნდის ბოლოს, როდესაც ალენს მუხლი დავარტყი, კისერზე ტრავმა მივიღე. ახლა მარჯვენა მხარეს მთელი ხელი წართმეული მაქვს. მხრის რაღაც მყესი გამიწყდა. UFC-ის ექიმებს ველაპარაკე და დიდი ალბათობით, ოპერაცია დამჭირდება, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩავიტარებ. მეორე და მესამე რაუნდები ცალი ხელითა და ორი ფეხით ვიჩხუბე. ის მაინც შევძელი, რომ ბევრი ვერ გამარტყა. ბრძოლისთვის ძალიან მაგრად მოვემზადე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი, ყველანაირი ტრავმა მოშუშებული მქონდა და რაც მოხდა, ძალიან გაუთვალისწინებელი იყო“.
View this post on Instagram
ცნობისთვის, გიგა ჭიკაძეს MMA-ში 19 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 15-ში გაიმარჯვა, 4-ში კი დამარცხდა. „ქართველ ნინძა“ UFC-ის ოქტაგონზე 10-ჯერ წარსდგა და 8 შემთხვევაში გაიმარჯვა, ორჯერ კი დამარცხდა.