ძიუდო, ფარიკაობა, სანდრო ბაზაძე, ტყვიის სროლა, გიორგი სარდალაშვილი, ნინო სალუქვაძე, ანა ნიჟარაძე, ცურვა
Aa
Aa

პარიზი 2024 - პირველმა დღემ უმედლოდ ჩაირა

პარიზში 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყო. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები შეჯიბრებებში 27 ივლისს ჩაებნენ. პირველად ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა და მოცურავე ანა ნიჟარაძემ იასპარეზეს.

ნინო სალუქვაძემ ახალი რეკორდი დაამყარა - ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიადაში მონაწილეობს. მან 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა, 562 ქულა დააგროვა, 45 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა და ამ დისციპლინაში ასპარეზობა დაასრულა. 2 აგვისტოს ტყვიის მსროლელი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.

ოლიმპიური მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის ეტაპზე დაასრულა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა მან ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დათმო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ქართველი სპორტსმენი სადებიუტო ოლიმპიადაში მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა, მეოთხედფინალი თურქ სალიჰ ილდიზთან დათმო, რეპეშაჟში კი სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმს სძლია.

ოლიმპიადაზე მესამედ იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. მერვედფინალში ის ეგვიპტელ მოჰამედ ამერს დაუპირისპირდა და დაძაბული ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ეგვიპტელის სასარგებლოდ, ანგარიშით 15:14, დასრულდა. სანდრომ 1/16 ფინალში მექსიკელი ხიბრან სეასი ანგარიშით 15:6 დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის უმცროსმა წევრმა, 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძემ 100 მ დისტანციაზე ქალთა ბატერფლაიში იასპარეზა. სადებიუტო ოლიმპიადაზე მან 1:02.85 შედეგი აჩვენა და ასპარეზობა 28-ე ადგილზე დაასრულა. ქართველი მოცურავე ოლიმპიადაზე ე. წ. ველური ბარათით მოხვდა.

28 ივლისს ოლიმპიური წარმატებისთვის ბრძოლას ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი და მოცურავე ნოე ფანცხავა დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი: ოლიმპიადაზე სხვა გარემო დამხვდა, შეცდომებს გამოვასწორებ
სარდალაშვილი: ოლიმპიადაზე სხვა გარემო დამხვდა, შეცდომებს გამოვასწორებ