ლა ლიგაში კიდევ ორ კლუბს სურს - ქოჩორაშვილის ახალი ვარიანტები
Mundo Levante UD-ის ჟურნალისტის, ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ვიგოს „სელტა’’ და „ესპანიოლი’’ გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით დაინტერესებულნი არიან. ლა ლიგის გასულ სეზონში „სელტა’’ მე-13 ადგილზე გავიდა, „ესპანიოლი’’ კი ლა ლიგა 2-ში თამაშობდა და ელიტაში დაბრუნდა.
ამ ეტაპზე „ლევანტეს’’ ესპანური კლუბებიდან ოფიციალური წინადადებები არ მიუღია. იმ შემთხვევაში თუ ქოჩორაშვილი ესპანეთს დატოვებს, ყველაზე რეალური სერია A-ში გადასვლაა.
შეგახსენებთ, ესპანურმა MARCA-მ 20 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწერა, რომ რამდენიმე კლუბმა ინტერესი გამოხატა. ფეხბურთელის საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო იყო, თუმცა შესაძლოა სატრანსფერო თანხა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გაიზარდოს. მიმდინარე ზაფხულში ქოჩორაშვილი „ვილიარეალს'', „ლაციოსა'' და „ტორინოს'' დაუკავშირეს.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ინტერესი „ტულუზადან'', „ანდერლეხტიდან'' და საუდის არაბეთის კლუბებიდანაც იყო, თუმცა უდიდესი ალბათობით ქოჩორაშვილს ტოპ 5 ჩემპიონატში ვიხილავთ, პრიორიტეტი ლა ლიგაა. ბავშვობიდან მოყოლებული ფეხბურთელის ოცნება ესპანეთში თამაში იყო და აქედან გამომდინარე დიდია იმის ალბათობა, რომ უპირატესობა ლა ლიგას მიანიჭოს. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: 18 წლის ასაკში, როცა „საბურთალოდან'' „ჟირონას'' აკადემიაში გადავიდა, პორტუგალიურ „გიმარაეშში'' გადასვლაც შეეძლო, თუმცა რადგან მისი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, პორტუგალიურ კლუბს უარი უთხრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.