გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი
Aa
Aa

უმძიმესი ბრძოლა: ჭიკაძე ალენთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა

UFC 304-ზე, მანჩესტერში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ინგლისელ არნოლდ ალენს დაუპირისპირდა. მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება ალენს დარჩა (29-28, 29-28, 29-28).

სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლი დამარცხდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით პირველ რაუნდში ქართველი მებრძოლი ძალიან აქტიური იყო, მეტოქეს ბევრი დარტყმა მიაყენა, პირველი რაუნდი დამსახურებულად მოიგო, მაგრამ შემდეგ ალენი გააქტიურდა და საკმაოდ დაძაბული შეხვედრა არნოლდის გამარჯვებით დასრულდა. მსაჯებმა მეორე და მესამე რაუნდში გამარჯვება ალენს მიაკუთვნეს.

მეორე რაუნდის გადაწყვეტილება საკამათოა, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა მესამე რაუნდში გიგა აშკარად დაიღალა და ამასთან ერთად ალენი კიდევ უფრო გააქტიურდა და ეს რაუნდი დამსახურებულად მოიგო.

35 წლის ჭიკაძემ კარიერაში 19 ბრძოლა გამართა, 15 მოიგო, 4 დათმო. რაც შეეხება UFC-ში მის გამოსვლებს, 10-დან 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

დღევანდელ შეხვედრამდე გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. დღევანდელ დაპირისპირებამდე ალენმა ბოლო 5 ბრძოლა მოვსარ ევლოევის, მაქს ჰოლოუეის, კელვინ კატარის, დენ ჰუკერისა და სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ ჩაატარა. ჭიკაძესთან გამარჯვებამდე ალენს ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა, ევლოევთან და ჰოლოუეისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ არნოლდ ალენისა და გიგა ჭიკაძის ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა. „ვოლკმა“ ალენის გამარჯვება ივარაუდა: „არნოლდ ალენის არსენალში უფრო მეტი იარაღია. მას შეუძლია იჭიდაოს, კარგი გრეპლინგი აქვს და იცის, მეტოქეებისგან მომავალი საფრთხე თავიდან როგორ აირიდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გიგას სენსაციის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ ჩემი რჩეული მაინც ალენია. ის უფრო მრავალმხრივი მებრძოლია და უმეტეს წილად, ჩხუბის უსაფრთხო სტილს ირჩევს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები