პარიზი 2024 - ნადალი/ალკარასის წყვილმა გამარჯვებით დაიწყო
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის ჯერი დადგა. გულშემატკივრებმა წყვილთა თანრიგში დიდებული დაპირისპირება იხილეს.
ნადალი/ალკარასის დუეტი გონსალესი/მოლტენის წყვილს შეხვდა და ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.
პირველ სეტში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ და თითო ბრეიკი გაცვალეს. სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც უფრო ზუსტები ესპანელები იყვნენ.
მეორე სეტი არგენტინელებმა უკეთესად დაიწყეს, ბრეიკი შეასრულეს და 3:0-საც იგებდნენ, თუმცა ნადალმა და ალკარასმა უკუბრეიკი შეასრულეს და წონასწორობა აღადგინეს.
იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, ესპანურმა წყვილმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა. რაფაელ ნადალმა მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა და ბოლო გათამაშებაში ალკარასის „ვინერსით“ ესპანურმა დუეტმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ თუ რაფაელ ნადალმა ერთეულთა თანრიგზე უარი არ განაცხადა ის მარტინ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩზე გადის.
რაც შეეხება ალკარასს, მან ჰადი ჰაბიბი დაამარცხა და 1/16 ფინალში გრიკსპური/ნორის შორის გამარჯვებულს შეხვდება.