მედლის გარეშე დარჩა - სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გამოცდილ ესპანელ გარიგოსს დაუპირისპირდა.
ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში „გოლდენ სქორით“ უნდა გამოვლენილიყო. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველმა გამარჯვება ვერ მოახერხა და ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.
ცნობისთვის, სარდალაშვილი და გარიგოსი აქამდე ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და გამარჯვება გიორგის დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 60 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ თურქ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
რეპეშაჟში სარდალაშვილი კორეელ კიმ ვონ ჯინს დაუპირისპირდა და წუთნახევარში მარტივად დაამარცხა.
ასევე შეგახსენებთ, დღევანდელი დღე საქართველოს დელეგაციისთვის მედლის გარეშე დასრულდა. ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. პირველი მედლის მოპოვებისთვის კი ვაჟა მარგველაშვილი 28 ივლისს იბრძოლებს.