საჩივრის წერილი - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ბაზაძის წაგებას აპროტესტებს
სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების შედეგად დამარცხდა.
აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია გამოეხმაურა და გვამცნო, რომ საჩივრის წერილი მოამზადა.
„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა.
შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.“
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელ ამერისთან 14:15 წაგების შემდეგ, ბაზაძე იმდენად აღშფოთებული იყო, რომ ემოციები ვერ მოთოკა, ბილიკიდან არ გავიდა და მსაჯებს მიმართავდა:
„ეს სირცხვილია! ეს ძალიან დიდი სირცხვილია! ეს ოლიმპიური თამაშებია და მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა. ბილიკიდან არ გავალ, დამელაპარაკეთ! რატომ არ მელაპარაკება მსაჯი? ეს დიდი სირცხვილია!“
ცნობისთვის, სანდრო 2:8-ს აგებდა, მაგრამ ძალების მოკრება შეძლო და ყველაფერი 14:14-მდე მიიყვანა, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ვანესა ჩუნჩონმა გამარჯვება ეგვიპტელს მიაკუთვნა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე ასევე მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა.