ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

10 მილიონზე უარი თქვეს - სერბების ინფორმაცია აზაროვის ტრანსფერზე

უკრაინის საუკეთესო კლუბი „შახტარი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და დონეცკელების წარმოდგენა ირაკლი აზაროვის გარეშე უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 32 შეხვედრაში თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც მარცხენა მცველისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. სწორედ ქართველი უკანა ხაზელის პროგრესზე იყო გამახვილებული ყურადღება სერბულ გამოცემა Mondo-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის რეპორტიორებსაც კარგი თამაშით ირაკლიმ თავი „ცრვენა ზვეზდაში“ ასპარეზობისას დაამახსოვრა.

რას წერენ აზაროვზე

დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ რამდენიმე კვირის წინ აზაროვის ტრანსფერის თაობაზე „შახტარს„ რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმართა და დონეცკელებმა მის 10 მილიონ ევროდ გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

ეს ამბავი ყველაზე კარგად მეტყველებს ირაკლის პროგრესზე, რომლის ტრანსფერითაც „ცრვენა ზვეზდას“ ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური თანხით შეივსო. „წითელმა ვარსკვლავმა“ თავის დროზე ის ბათუმის „დინამოდან“ 300 ათას ევროდ შეიძინა და ერთ წელიწადში აზაროვის სანაცვლოდ, ათჯერ მეტი თანხა, 3 მილიონი ევრო აიღო.

ყოველივე ამის ფონზე სრულიად გასაკვირია ვილი სანიოლის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა. საქართველოს ნაკრებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ტურნირის აღმოჩენად იქცა, მაგრამ ირაკლის ყოფნა გუნდის შემტევ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდიდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვის გარდა, „შახტარში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, რომელიც კონტინენტის პირველობაზე იმყოფებოდა, თუმცა ერთი წუთიც არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები