„კვარამ შეისვენა და გაგრილდა, პოლიტანომ გაგრძელება ვეღარ შეძლო“
ნეაპოლური გამოცემა ilnapolista ანტონიო კონტეს ვარჯიშების შესახებ წერს, რომელიც საკმაოდ რთულია და გუნდისთვის არც ისე მარტივად მისაღები აღმოჩნდა.
კონტეს სურს, რომ მისმა გუნდმა ძლიერი პრესინგი ითამაშოს და 90 წუთი დაუღალავად ირბინოს. დატვირთვები გაორმაგებულია და ამის შედეგი პირველივე სავარჯიშო სესიებისას გამოჩნდა.
„კონტემ გუნდი თავის ტაქტიკაზე ამუშავა. ბუონჯორნო და ნათანი 3-მცველიან სქემაში ტაქტიკურ წვრთნებს გადიოდნენ. დი ლორენცო კი ვინგ ბექად გამოიცადა.
გუნდმა თავდაპირველად თავდაცვით სქემაზე იმუშავა. კონტე ყოველთვის გაიძახდა - „თავს ვიცავთ, შემდეგ პრესინგი!“ - სავარჯიშო სესია რამდენიმე ნაწილად დაიყო. გუნდმა მინდვრიდან შემდეგ სპორტდარბაზში გადაინაცვლა და ისევ მოედანს დაუბრუნდა.
კვარაცხელიამ კონტეს დატვირთვები იგრძნო, სიცხისგან ცოტათი ძალაგამოცლილი ჩანდა, ზურგის ქვედა არეში დისკომფორტის გამო სამედიცინო დახმარებაც მიიღო, ცოტათი გაგრილდა კიდეც, რის შემდეგაც ქართველი მოედანს დაუბრუნდა. რასაც ვერ ვიტყვით მატეო პოლიტანოზე, რომელმაც ბოლოს მწვრთნელს თავით ანიშნა, რომ ეს მისთვის დასასრული იყო და მოედანი დატოვა. ანგისას კი ამდენი სირბილის შემდეგ კუნთზე პრობლემა შეექმნა".
ასევე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას პირველი სავარჯიშო სესიით ყველა მოხიბლული დარჩა. ქართველმა შემტევმა თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და კონტეს ხელმძღვანელობით მთელი სამწვრთნელო შტაბი მოხიბლა.
კადრები ნაპოლის ვარჯიშიდან