ლობჟანიძის მორიგი გოლი - ატლანტა პენალტებში დამარცხდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე „ატალანტას“ შემადგენლობაში შედეგიან თამაშს განაგრძობს. ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასის გათამაშებაში 29 წლის ქართველმა და მისმა თანაგუნდელებმა „დისი იუნაიტედს“ უმასპინძლეს. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი, სტუმრებმა 5:6 გაიმარჯვეს.
ლობჟანიძემ 120 წუთის განმავლობაში ითამაშა და მას „ატლანტას“ მარცხში ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი. 38-ე წუთზე, როდესაც „იუნაიტედი“ უკვე ორბურთიანი სხვაობით აგებდა, ქართველმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა და თავისი გუნდი თამაშში დააბრუნა. ასევე უნაკლო იყო ის პენალტების სერიაში, თუმცა მისმა ორმა თანაგუნდელმა, ბრუქს ლენონმა და ბარტოშ სლიჟმა დარტყმები გააცუდეს, რის გამოც ატლანტელები დრამატულ შეხვედრაში დამარცხდნენ.
მომდევნო მატჩს საბა და მისი თანაგუნდელები 5 აგვისტოს, ამავე ტურნირზე მექსიკის „სანტოს ლაგუნასთან“ გამართავენ. ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატს კი 25 აგვისტოს, სტუმრად „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ დაპირისპირებით განაახლებენ. MLS-ში ლობჟანიძის ანგარიშზე 25 ტურის შემდეგ 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.