ვილიარეალთან არ იქნება - ზურიკო ჯერ მზად არ არის
ვილიარეალთან არ იქნება - დავითაშვილი ჯერ ბოლომდე მზად არ არისზურიკო დავითაშვილი ახალ გუნდს, „სენტ ეტიენს“ სამშაბათს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის შედგება მისი დებიუტი „მწვანეების“ შემადგენლობაში, რადგან შვებულების შემდეგ 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯერჯერობით სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ არის და ბუნებრივია ძველებურ ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება „ვილიარეალთან„ საკონტროლო მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა.
რა თქვა ოლივიე დალ’ოლომ
ზურიკო ახლახანს შემოგვიერთდა და თითქმის გამორიცხულია, რომ ის შაბათს „ყვითელ სუბმარინასთან“ მატჩში დაგვეხმაროს, რადგან გარკვეული დრო ჯერ კიდევ სჭირდება. ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ არის - დავითაშვილს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ მისი თამაში ჯერჯერობით ადრეა და სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან სრულად დაიტვირთება.
შარშანდელ სეზონში ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდოს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და გათამაშება 8 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, 39 მატჩიდან საქართველოს ეროვნულ გუნდში 17 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 22 შემთხვევაში ცვლილებაზე გამოჩნდა და თავი 6 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.