გიორგი მამარდაშვილი, პეპელუ
Aa
Aa

პეპელუ ვიცე-კაპიტნად დანიშნეს - მამარდაშვილის წასვლის ნიშანი

„ვალენსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ იმყოფება და შესაბამისად, უცნობია ქართველი მეკარის მომავალი. ამ ყველაფრის მიუხედავად, თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე „ღამურებს“ დატოვებს, რადგან მას უამრავი მსურველი ჰყავს და კლუბის ხელმძღვანელებისთვისაც მის შენარჩუნებაზე უფრო პრიორიტეტული, გიორგის გასხვისება და აღებული ფულით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

როგორც ჩანს, ამ თემაზე „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კლუბის ხელმძღვანელების პოზიციები უკვე მოისმინა და სამომავლო გეგმებში მისთვის მამარდაშვილი აღარ ფიგურირებს. ამის ერთ-ერთი ნიშანი კი გუნდის ვიცე-კაპიტნად პეპელუს დანიშვნაა. ხოსე გაიას არყოფნაში შარშანდელ სეზონში სამკლავური რამდენჯერმე ქართველმა ლეგიონერმა მოირგო, ამჯერად კი ბარახამ ფეხბურთელებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ნდობა პეპელუს გამოუცხადა და იმ შემთხვევაში თუ გაია ტრავმირებული იქნება, გუნდს მოედანზე სწორედ ეს უკანასკნელი გაუძღვება.

მამარდაშვილი, როგორც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ერთ-ერთი ფეხბურთელი, დამატებითი შვებულებით სარგებლობს და კლუბს უახლოეს საათებში შეუერთდება. მისით დაინტერესებას ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის გარდა, მადრიდის „ატლეტიკოც“ გამოთქვამს, გიორგის სატრანსფერო ღირებულება კი წარმატებული კონტინენტის პირველობის შემდეგ 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები