„ცვლილებები იქნება, ფეხბურთელებს დავიმატებთ“ | ნაპოლის სპორტული დირექტორის გეგმები
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მანამ მომდევნო სეზონში „პარტენოპეის“ მიზნები დაასახელა და ვიქტორ ოსიმენის გარშემო შექმნილ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.
„სატრანსფერო ფანჯარა 30 აგვისტოს იხურება. მშვიდად ვართ და გვყავს გუნდი, რომელიც საკმარისად კონკურენტუნარიანია, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ვხვდებით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ვიცით, ჩვენი ძლიერი მხარეები და თვისებები რა არის.
ვეცადეთ, ახალი მწვრთნელისთვის დაგვეხვედრებინა გუნდი, რომელიც სათანადოდ კონკურენტუნარიანი იქნებოდა, რომ პირველივე სეზონში შეძლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ცვლილებები გველოდება, რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ. ჩვენი პროექტი საწყის ეტაპზეა და მკაფიო იდეები გვაქვს. სიგიჟეებს არ ჩავიდენთ, მაგრამ გავაკეთებთ იმას, რაც მწვრთნელს დაეხმარება.
ოსიმენის სიტუაცია? არაფრის დადასტურება არ მინდა. აქ იმიტომ ვარ, რომ ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილი საპნის ოპერა დავასრულო და ჩემი მხრიდან, სატრანსფერო საკითხებზე საუბარი არასწორი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთვის“ სეზონი ოფიციალურად 10 აგვისტოს იწყება, როცა „პარტენოპეი“ „კოპა იტალიის“ ეგიდით, „მოდენას“ დაუპირისპირდება.