ლაშა ბექაური
Aa
Aa

მეორე ოლიმპიადამდე 5 დღით ადრე - ლაშა ბექაურს 24 წელი შეუსრულდა

ახალგაზრდა ბიჭი, რომლის გულშიც საქართველოა და რომელიც ყველა ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად გატანას ცდილობს. ძიუდოისტი, რომელიც სამი წლის წინ, 21 წლის ასაკში უკვე ნამდვილ ლეგენდად იქცა, რადგან ტოკიოში უნაკლოდ იჭიდავა, არც ერთ მოწინააღმდეგეს გამარჯვების იოტისოდენა შანსიც კი არ დაუტოვა და ოლიმპიური ჩემპიონი სრულიად დამსახურებულად გახდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი რომ არის, თავადაც კარგად იცის და მისმა გულშემატკივარმაც - უნიჭიერესმა სპორტსმენმა კარიერის დასაწყისშივე მიზნად მთავარი სპორტული შეჯიბრების ოთხჯერ მოგება დაისახა და ამ დიდი საქმის კეთებაში მეორე ნაბიჯის გადადგმას რამდენიმე დღეში აპირებს. საუბარია ლაშა ბექაურზე, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და 24 წელი შეუსრულდა.

ნებისმიერი სპორტსმენისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდასთვის რთულია, ასეთი წარმატების მიღწევის შემდეგ მოტივაციის შენარჩუნება და ძველებურ რელსებზე დაბრუნება, მაგრამ ბექაურისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სამი წლის წინ, იაპონიის დედაქალაქში ფურორის მოხდენას, მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ერთწლიანი პაუზა და მომქანცველი სარეაბილიტაციო პროცესი მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად ამხელა წყვეტისა, უდიდესი ნიჭის, საოცარი შემართებისა და მონდომების ხარჯზე, მან ძველი კონდიციები მალევე აღიდგინა და ტატამიზე ძველი ბექაური ვიხილეთ.

2022 წლის სექტემბერში აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა პირველივე ტურნირი, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული ევროპის ღია პირველობა მოიგო, რასაც ერთ თვეში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მოჰყვა. გულშემატკივრის აყოლიების საოცარი ნიჭით დაჯილდოებულმა ბექაურმა ადგილობრივი პუბლიკის წინაშე, 2023 წლის მარტში თბილისში გამართული გრანდ სლემის ფინალში თანამემამულე ლუკა მაისურაძის დამარცხებით ეს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. ზუსტად ორ თვეში ლაშას და ლუკას გზები უკვე პლანეტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში გადაიკვეთა, სადაც უფრო ძლიერი მაისურაძე აღმოჩნდა. 2023 წელს კი ისინი მესამედ და ჯერჯერობით უკანასკნელად, აგვისტოში უნგრეთის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და ამჯერად ჩემპიონი ბექაური გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსად, 2023 წელს ლაშა ახლოს იყო ევროპის ჩემპიონობასთანაც, მაგრამ ფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში დამარცხდა.

წელს ბექაურისთვის პირველი ტურნირი თბილისის გრანდ სლემი გახლდათ და მისთვის ეს ძალიან ახლობელი და საშინაო შეჯიბრება, სადაც მუდამ ორმაგი მოტივაციით გამოდის, კიდევ ერთი ოქროს მედლის მომტანი გამოდგა. საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ის ფაქტი, რომ ფინალში აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევის დასამარცხებლად მას სულ რაღაც 51 წამი დასჭირდა. მისი საოცარი შემტევი და სანახაობრივი სტილიდან გამომდინარე, არამხოლოდ ქართული, არამედ ძიუდოს სამყაროსთვის უდიდესი დანაკლისი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექაურის არყოფნა, რომელიც ჯერ ლაშას მოგებული არ აქვს, თუმცა როგორც პირადი, ასევე მწვრთნელების გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ მთავარი მიზნისთვის მიეღწია და პარიზის ოლიმპიადისთვის ქართველი გულშემატკივარი გაეხარებინა, მისი დასვენება გადაწყდა.

31 ივლისს, ლაშა პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ივაილო ივანოვსა და კარამნობ საგაიპოვს შორის საუკეთესოს შეხვდება. განწყობა და მომზადება საბრძოლოა და როგორც პარიზში გამგზავრების წინ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა განაცხადა, ბექაური და თითოეულ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები კი არ უნდა ნერვიულობდნენ რომელი მეტოქეები შეხვდებათ, არამედ სანერვიულოდ საქმე მათ მოწინააღმდეგეეებს ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები