გრიზმანი აშშ-ში ჟირუსთან და ლორისთან
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანტუან გრიზმანი „ლოს ანჯელესის“ მთავარი სამიზნეა. გავრცელებული ინფორმაციით, MLS-ის კლუბის წარმომადგენლები, სადაც ორი ფრანგი მოთამაშე, უგო ლორისი და ოლივიე ჟირუ უკვე ასპარეზობს, 33 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შეთანხმების მიღწევა აუცილებლად მოხერხდება.
ამჟამინდელი კონტრაქტი გრიზმანს როხიბლანკოსთან 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუ მისი გახანგრძლივება არ მოხერხდა, მადრიდელებს მისი უფასოდ დათმობა მოუწევთ, რაც მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის. ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის მიხედვით, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა ამ ეტაპზე სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, რაც გრიზმანის კალიბრისა და დონის გათვალისწინებით, ძალიან პატარა თანხაა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ანტუანი აპირებს დიდიე დეშამს შეხვდეს და ეს საკითხი მასთან განიხილოს. განიხილოს ის, თუ რამდენად მიეცემა ამერიკის MLS-ში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა, რომლის რიგებშიც კიდევ ერთ მუნდიალზე თამაში გრიზმანს ძალიან სურს. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.