გიორგი წიტაიშვილი, კამილ იუზვიაკი
Aa
Aa

იუზვიაკი მთავარი კონკურენტია - გრანადამ წიტაიშვილის ტრანსფერი დაადასტურა

ლა ლიგა 2-ში გავარდნილმა „გრანადამ'' გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერი დაადასტურა, კიევის „დინამომ'' 23 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა.

გრანადული გამოცემა Lagacetadegranada გიორგი წიტაიშვილის „გრანადაში'' გადასვლას ეხმაურება. სტატიის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის მთავარი კონკურენტი კამილ იუზვიაკი იქნება, რომელიც „გრანადას’’ გასულ ზამთარში შეუერთდა, ლა ლიგის 11 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა („ოსასუნასთან’’). როგორც ჩანს, წიტაიშვილს მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხედავენ, კამილიც ამ პოზიციის მოთამაშეა.

წიტაიშვილს იუზვიაკთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მარცხენა გარემარბის გარდა მარცხენა „ვინგბექისა’’ და მარჯვება გარემარბის პოზიციებზე უთამაშია, პოლონელთან შედარებით უფრო მეტად უნივერსალია, თუმცა იუზვიაკი გრანადულ გუნდში ადაპტირებულია.

ასევე გეტყვით, რომ „გრანადას'' ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს გილე აბასკალის სახით და ის ჯერ წიტაიშვილსა და იუზვიაკს არ იცნობს. ცხადია, გუნდის მიზანი ახალ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნება იქნება.

26 წლის იუზვიაკი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ევრო 2020-ზე სამ თამაშში 1 საგოლე პასი შეასრულა (ესპანეთთან). ასევე, ინგლისის ჩემპიონშიფსა და MLS-ში უთამაშია.

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს’’ აღზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი დღემდე კიევურ კლუბთან აკავშირებს, „დინამოსთვის’’ მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა (2 საგოლე პასი). მას იჯარით „ვორსკლაში’’, „ჩერნომორეცში’’, კრაკოვის „ვისლაში’’, პოზნანის „ლეხსა’’ და ბათუმის „დინამოში’’ უთამაშია. 2025 წლამდე კიევის „დინამოს’’ ფეხბურთელია, გასული 1 წელი იჯარით ბათუმის „დინამოში’’ გაატარა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები