ლევან კორღალიძე
Aa
Aa

ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ - კორღალიძე პარტიზანთან გამარჯვების შემდეგ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999''-მა „მიხეილ მესხზე'' ალბანურ „პარტიზანს'' 2:0 მოუგო. 31-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა პენალტი გაიტანა, 57-ე წუთზე სილამ შეაგდო. ასევე უნდა ითქვას, რომ 47-ე წუთზე „პარტიზანი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და მატჩის ბოლომდე 10 კაცით ითამაშა.

მატჩის შემდეგ „იბერია 1999''-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ მედიასთან ისაუბრა. 

ლევან კორღალიძის კომენტარი 1TV.ge-მ გამოაქვეყნა: „დღეს არა მხოლოდ „იბერიას“, არამედ საქართველოს წარმოვადგენდით. UEFA-ს რეიტინგში კოეფიციენტებისთვის შემდეგ ეტაპზე გასვლა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გილოცავთ მოგებას. წინ საპასუხო თამაშია და ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. რა ანგარიშიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ ვიტყოდი, რომ კომფორტული სხვაობით მოვიგეთ, რადგან „პარტიზანი“ კარგი გუნდია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლველად.

წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ტირანაში ყველანაირი პროვოკაციისთვის უნდა მოვემზადოთ. თამაშს გავაანალიზებთ და ალბანელების სუსტ მხარეებს უკეთ დავინახავთ, რომლის გამოყენებასაც საპასუხო მატჩისას შევეცდებით. ისიც სათქმელია, რომ, მოგების მიუხედავად იდეალურად არ გვითამაშია, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი რამ გვაქვს. ყველაზე მეტად მაინც ფიზიკურ მომზადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მხოლოდ ამხანაგური თამაშები მოსამზადებლად საკმარისი არ არის და ცოტა გაგვიჭირდა.

ტაქტიკურად „იბერია“ ძალიან კარგად იყო მომზადებული, პრესინგსაც კარგად ვიყენებდით. მიმაჩნია, რომ მეტიც შეგვეძლო, მით უმეტეს, მეტოქე კაცნაკლული დარჩა. საბედნიეროდ, ჩვენი ფეხბურთელების ტრავმები სერიოზული არ არის და შემდეგ შეხვედრაში ყველა ითამაშებს“.

საპასუხო შეხვედრა პირველ ივლისს ალბანეთში გაიმართება, შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები