სტივ კინი: ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „ომონიასთან“ მარცხის (1:3) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით…
დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომელიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ტრიბუნებიდან ჩვენი გოლის შემდეგ ხდებოდა. ასეთ დროს თამაში შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მეორე გოლი მალევე მივიღეთ.
თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა”.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ქუთაისში 1 აგვისტოს გაიმართება.