„გადახედეთ კვარას კონტრაქტს! ოსიმენის 10 მილიონი უთანასწორო დამოკიდებულებას ქმნის“
გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ TMW-ისთან საუბრისას ტრადიციულად „ნაპოლის“ შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა.
ფედელე უკმაყოფილოა ოსიმენის სიტუაციით და თვლის, რომ მისი ხელფასი გუნდში სხვა მოთამაშეებზე ცუდ გავლენას მოახდენს.
„მე კლუბის ადგილას ოსიმენს შევინარჩუნებდი. შემდეგ შევიძენდი ძლიერ ნახევარმცველს, მაგალითად რაბიოს, ასევე სხვა გამოცდილ მცველს. გუნდის დაცვის ხაზს გამოცდილება აკლია. ნაპოლიში კონტეზე ყველა დადებითად საუბრობს და დიდ ენთუზიაზმს ახსენებს, მაგრამ მოედანზე ის არ გადის, ამის გაკეთება ფეხბურთელებს უწევთ.
რაც შეეხება ოსიმენის ანაზღაურებას, ის წლიურად 10 მილიონს გამოიმუშავებს, მას აქვს მზარდი კონტრაქტი, პლუს ბონუსები, ასე რომ კლუბს მისთვის დაახლოებით 13 მილიონის გადახდა მოუწევს. დიახ, მართალია, რომ ეს ფაქტი გუნდში უთანასწორო დამოკიდებულებას ქმნის, სხვებისთვის ეს არც ისე მისაღები ფაქტია. უპირველეს ყოვლისა კვარას მიმართ, რომლის კონტრაქტიც უნდა გადაიხედოს და ობიექტურად დარეგულირდეს“.
კვარაცხელია ამჟამად წლიურად 1.5 მილიონ ევროს იღებს. ეს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა. კლუბი ხვიჩას 4.5 მილიონს და პლუს ბონუსებს სთავაზობს, რაც მამუკა ჯუღელს არ აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ „პარტენოპეი“ ვეტერან რომელუ ლუკაკუს 6 მილიონს + ბონუსებს სთავაზობს, ამ დროს კი კვარას ახალი გუნდის მომავალ ლიდერად იხსენიებენ.