გუარდიოლას ფავორიტი | ედერსონის წასვლის შემთხვევაში სიტი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ცნობილი კატალონიური გამოცემა, El Nacional-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ სიტის“ რადარზე იმყოფება. „ქალაქელთა“ ნომერ პირველი გოლკიპერის, ედერსონის ტრანსფერით საუდის არაბული კლუბები ინტერესდებიან და მანჩესტერელებმა მის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი.
„სიტის სატრანსფერო პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე გუნდს ვინ დატოვებს. წამსვლელთა სავარაუდო სიაშია ედერსონი, რომელსაც საუდის არაბეთში იწვევენ. ბრაზილიელი ფეხბურთელის მაგიდაზე კონტრაქტი უკვე დევს და ედერსონს ერთი სული აქვს, ტრანსფერს როდის დათანხმდება.
ედერსონი თვლის, რომ ეს უნიკალური შანსია და სურს, სიტიმ სიტუაცია არ გაართულოს. თუ ბრაზილიელმა მეკარემ გუნდი დატოვა, პეპ გუარდიოლას შერჩეული ჰყავს საიმედო გოლკიპერი, რომელიც სიტიმ უნდა გაიფორმოს. ამ შემთხვევაში, პეპის ფავორიტი ლა ლიგაში მოთამაშე გიორგი მამარდაშვილია.
ქართველი მეკარე რამდენიმე სეზონია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე, ის ალბათ ტურნირის საუკეთესო მეკარე იყო და დიდ კლუბებს მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გუარდიოლას სჯერა, რომ თუ მამარდაშვილი ფეხით თამაშს გააუმჯობესებს, შეეძლება, მსოფლიოში საუკეთესო იყოს“, - წერს ესპანური გამოცემა.
El Nacional-ის მიხედვით, „სიტიმ“ იცის, „ვალენსია“ გიორგის გაყიდვის წინააღმდეგი რომ არაა და „ქალაქელებს“ ტრანსფერის დასახურად საჭირო ფინანსური რესურსებიც აქვთ. კატალონიური გამოცემის თქმით, ყველაფერი ედერსონზეა დამოკიდებული.