გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ქართველი მეკარე რეკორდსმენობის პოტენციალით - მამარდაშვილი ისევ ახსენეს

მსოფლიოს უძლიერეს მეკარეებზე როდესაც ამა თუ იმ სპორტულ გამოცემაში ვრცელი სტატია იბეჭდება, რაღაც ფორმით გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად არის ნახსენები, რომელმაც „ვალენსიას“ რიგებში გამართულ მორიგ შესანიშნავ სეზონს, ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორის მოხდენაც მიაყოლა და ახლა კონტინენტის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად სრულიად დამსახურებულად ითვლება. ერთ-ერთ ვებ-გვერდზე დღეს მსოფლიოს ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეზე დაიწერა სტატია და აქ წესით გიორგიზე საუბარი არც უნდა ყოფილიყო, რადგან თავის დროზე „ვალენსიამ“ ის თბილისის „დინამოდან“ სულ რაღაც 800 ათას ევროდ შეიძინა, თუმცა წერილის ავტორი 23 წლის ქართველ მეკარეს მაინც შეეხო.

რა წერია მამარდაშვილზე

გერმანიაში ჩატარებული ფენომენალური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. მზარდია მისი პოტენციალიც და ასე თუ განაგრძობს, რომელიმე გუნდი მასში იმხელა თანხას გადაიხდის, რომ შესაძლოა ამ მხრივ მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს.

გიორგის ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს და მეკარეებს შორის ის „პორტუს“ კარის დარაჯ დიოგუ კოშტასთან ერთად ლიდერია. „ვალენსია“ მისი ტრანსფერის თაობაზე სხვადასხვა შემოთავაზებების განხილვაშია და შესაძლოა მამარდაშვილი ამ სატრანსფერო სეზონის მიმდინარეობისასაც სხვა, უფრო მაღალი მიზნებისთის მებრძოლ კლუბში ვიხილოთ.

ყველაზე ძვირად გაყიდულ მეკარეთა ათეულს სათავეში კეპა არისაბალაგა უდგას, რომლის სანაცვლოდაც ლონდონის „ჩელსიმ“ თავის დროზე ბილბაოს „ატლეტიკს“ 80 მილიონი ევრო გადაუხადა. მეორე პოზიციას ალისონ ბეკერი იკავებს და მისი დამატება რამდენიმე წლის წინ „ლივერპულს“ 62,5 მილიონი დაუჯდა, ხოლო სამეულს ჯანლუიჯი ბუფონი აკომპლექტებს, რომლის სატრანსფერო ფასმა 52 მილიონი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები