ბუფონი სპორტულ დირექტორად - აძურაში ცვლილები იწყება
იტალიის ნაკრების დონისა და კალიბრის გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე დასრულება ბუნებრივია წარუმატებლობაა. ფიასკოს კი ყოველთვის თან სდევს საკადრო ცვლილებები, რაც ამ შემთხვევაში მთავარ მწვრთნელს არ შეეხება და ლუჩიანო სპალეტიმ თანამდებობა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე შეინარჩუნა.
სამაგიეროდ, იქმნება ამ ფორმაციის ეროვნულ გუნდში ახალი, სპორტული დირექტორის შტატი და ამ პოსტს ჯანლუიჯი ბუფონი ჩაიბარებს. ეს უკანასკნელი კარიერის დასრულებისთანავე „სკუადრა აძურაში“ მუშაობას შეუდგა და EURO 2024-ის გუნდის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. Calciomercato-ს ინფორმაცია ჯიჯის აგენტმაც დაუდასტურა და განუცხადა, რომ ლეგენდარული მეკარე „კოვერჩიანოს“ ბაზაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ფორმალობების მოგვარების შემდეგ, ხელშეკრულებას გააფორმებს.
ჯანლუიჯი ბუფონი საკლუბო კარიერის მანძილზე „პარმაში“, „იუვენტუსსი“ და „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა. მან 10-ჯერ სკუდეტო, 6-ჯერ კოპა იტალია, 6-ჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ საფრანგეთის ლიგა 1 და ერთხელ უეფას თასი მოიგო. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.