კონფერენს ლიგა: ბათუმის დინამო შინ დეჩიჩთან დამარცხდა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ მონტენეგროს ჩემპიონს „დეჩიჩს“ უმასპინძლა და რადიკალურად განსხვავებული ნათამაშები ტაიმების შედეგად 0:2 დამარცხდა.
დემჩენკოს გუნდმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარა, სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა და საგოლე მომენტებიც საკმაო რაოდენობით შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.
მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით დაიწყო - ბურთი „დინამოს“ ჰქონდა, უტევდა, თუმცა კამაიმ 62-ე წუთზე თავისი გუნდის პირველივე შეტევა გოლად აქცია.
66-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა და ბათუმელებისთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს იყო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო შენი შექმნილი შანსები. მეტოქემ ეს 100%-ით ზუსტად გააკეთა, „დინამომ“ ვერა.
მსაჯის მიერ დამატებულ 8 წუთშიც არაფერი მოხდა. ბათუმელები 4 წუთში გაშვებულმა ორმა გოლმა საბოლოოდ გატეხა.
აღსანიშნავია, რომ ეს „დეჩიჩისთვის" ევროსარბიელზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იყო...
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა მონტენეგროში ზუსტად ერთ კვირაში 30 ივლისს (23:00) გაიმართება.