„კვარა ნამდვილი ჩემპიონია“ | ნაპოლის მომდევნო მეტოქის ფორვარდის კომენტარი
„ნაპოლი“ 2024/25 წლების სეზონისთვის ემზადება და 28 ივლისს, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. „პარტენოპეი“ ალბანურ „ეგნატიას“ დაუპირისპირდება, რომლის თავდამსხმელმაც, რედი კასამ ნეაპოლურ კლუბზე მოკლედ ისაუბრა.
„პირადად ჩემთვის, ნაპოლის წინააღმდეგ თამაში უდიდესი პატივია. იტალიის ჩემპიონატის მატჩებს ხშირად ვუყურებ და ალბანეთში, სერია A სამაგალითო ტურნირია. სერია A-ში ჩემი ფავორიტი რაფაელ ლეაუა, თუმცა აქ სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც თამაშობენ. მაგალითად, ვიქტორ ოსიმენი და ლაუტარო მარტინესი.
ნაპოლის რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია მომწონს. კვარა ნამდვილი ჩემპიონია და არის ფეხბურთელი, ვისი თამაშიც ლამაზი საყურებელია“.
ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „ეგნატიას“ მატჩი თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება. ალბანური კლუბის შემდეგ, „პარტენოპეის“ ამხანაგური შეხვედრა „ბრესტთან“ ელის (31 ივლისი), ხოლო 3 აგვისტოს „ჟირონას“ დაუპირისპირდება. ნეაპოლელთათვის სეზონი ოფიციალურად 10 აგვისტოს იხსნება, როცა ისინი „კოპა იტალიაზე“ „მოდენას“ შეხვდებიან.