კვარა თუ გორდონი ლივერპულში? - რა თქვა დიტმარ ჰამანმა
„ლივერპულის'' ყოფილ ფეხბურთელს, დიტმარ ჰამანს ჰკითხეს, „ლივერპულს'' ენტონი გორდონსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის არჩევანი რომელზე უნდა გაეკეთებინა. ამ საკითხზე გერმანელმა TopOffshoreSportsBooks-თან ისაუბრა. მისი აზრით, „ლივერპულმა’’ უპირატესობა გორდონს უნდა მიანიჭოს, პრემიერ ლიგაში თამაშიდან გამომდინარე.
დიტმარ ჰამანი: „რთულია გორდონსა და კვარაცხელიას შორის არჩევანი გააკეთო. არ ვფიქრობ რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. რაც გორდონმა პრემიერ ლიგაში გააკეთა დიდი საქმეა. მახსოვს პრემიერ ლიგაში მოსული ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. მათთვის პრემიერ ლიგა არა ძალიან სწრაფი, არამედ ძალიან ფიზიკური იყო. ამგვარად, უპირატესობას ალბათ გორდონს მივანიჭებდი, მაგრამ თუ სალაჰი წავიდოდა, შესაძლოა ორივეს დამატება შესაძლებელი ყოფილიყო''.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბი ენტონი გორდონი „ლივერპულისა'' (2008-12) და „ევერტონის'' (2012-17) აკადემიებში იზრდებოდა. 2023 წელს „ევერტონიდან'' „ნიუკასლში'' გადავიდა. გასული სეზონის პრემიერ ლიგაში 35 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია. ინგლისის სათასო მატჩებში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლითა და საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.
დიტმარ ჰამანის არგუმენტიდან გამომდინარე კვარას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება ნამდვილად არ აქვს, თუმცა მას სხვა ტიპის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, 2022-23 წლების სეზონში მისი დიდი დამსახურებით „ნაპოლიმ'' სკუდეტო მოიგო. გასულ სეზონიც კი, როცა „ნაპოლის'' გეგმები ძალიან ცუდად წავიდა, კვარამ კარგი სტატისტიკა დააფიქსირა: სერია A-ს 34 მატჩში 11 გოლი და 8 საგოლე პასი, ჩემპიონთა ლიგის 8 შეხვედრაში 1 საგოლე პასი, იტალიის თასზე მხოლოდ „ფროზინონესთან'' ითამაშა, ცვლილებაზე გამოვიდა, „აძური'' „მარადონაზე'' 0:4 განადგურდა.