გიორგი აბურჯანია
Aa
Aa

ნაკრებში დაბრუნების დროა - აბურჯანიამ ავს-თან კონტრაქტი გააფორმა

CrystalSport-ი წერდა, რომ გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში, საფეხბურთო კლუბ ავს-ში გააგრძელებდა, რომელიც უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა. 29 წლის ნახევარმცველმა ყოფილ კლუბ „ჟილ ვისენტესა'' და „ბოავიშტას'' უარი უთხრა და დღეს ავს-მა აბურჯანიას ტრანსფერი დაადასტურა. ხელშეკრულება ერთწლიანია.

ფეხბურთელი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: „კლუბის პროექტი ამბიციურია. პორუგალიაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიცნობ ჩემპიონატს და ვიცი ვიტორ კამპელოსის ხედვები, რაც ადაპტაციაში დამეხმარება. მწვრთნელს ბურთის კონტროლი მოსწონს, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. თურქეთში პრობლემები იყო, რამაც ეროვნული ნაკრების მიღმა დამტოვა. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების დროა’’.

ავს-ის რეალური მფლობელი ბრაზილიელი რონალდოა, კლუბის სპორტული დირექტორი პედრო კორეიაა, რომელსაც რონალდოსთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, „ვალიადოლიდისა’’ და „კრუზეიროს’’ სკაუტი იყო. ავს-ში გასული სეზონის დაწყებამდე მივიდა, კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ახლა გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს, რაც აბურჯანიას დამატებაშიც გამოიხატება. ასევე გეტყვით, რომ რონალდო „კრუზეიროსა'' და „ვალიადოლიდის'' გაყიდვაზე მუშაობს. ესპანური კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიმდინარე წლის მაისში მიაღწია. მალე, რონალდო ორივე კლუბს ოფიციალურად გაყიდის და მთელ ყურადღებას ავს-ზე გადაიტანს.

აბუ გასულ სეზონში „ჰატაისპორში’’ თამაშობდა, თუმცა კლუბს აბურჯანიასა და სხვა ფეხბურთელების მიმართ 5-თვიანი სახელფასო დავალიანება ჰქონდა. CrystalSport-ის ცნობით, მარტის ბოლოს აბურჯანიამ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა FIFA-ში სარჩელი შეიტანეს. ფინანსური პრობლემების გამო კლუბში არაჯანსაღი ვითარება იყო. კლუბის მხრიდან ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აბურჯანიამ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ამ ტიპის პრობლემები თურქული კლუბებისთვის დამახასიათებელია.

ქართული კლუბების გარდა აბურჯანიას „ანორთოსისში'', „ხიმნასტიკში'', „სევილიას'' სარეზერვო გუნდში, „ლუგოში'', „ტვენტეში'', „ოვიედოში'', „კარტახენაში'', „ჟილ ვისენტესა'' და „ჰატაისპორში'' უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები