კონკურენტი ბენფიკადან მოუყვანეს - ქარსელაძის კარგი თამაში რიუ ავეში
„რიო ავე’’ ახალი სეზონისთვის ემზადება, მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფრეირეს ხელმძღვანელობით 19 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძეც ვარჯიშობს. ქარსემ „აროუკასთან'' ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„რიუ ავე’’ 3-4-3 ფორმაციით თამაშობს, გიორგი მარჯვენა „ვინგბექია’’, მთელი ფლანგის კონტროლი ევალება. გასული სეზონის შემდეგ „რიო ავემ’’ ქარსელაძის კონკურენტი კოშტინია „ოლიმპიაკოსში’’ გაყიდა, თუმცა ახლა ლისაბონის „ბენფიკადან’’ ჟოაუ ტომე დაიმატა, 21 წლის „ვინგბექი’’ „ბენფიკას’’ აღზრდილია, პორტუგალიის 15, 16, 17, 18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. „აროუკასთან'' სასტარტოში ტომე იყო, რომელიც შემდეგ ქარსემ შეცვალა, ქართველმა ფეხბურთელმა ნახევარი საათი ითამაშა. მოკლედ, ქარსემ მასთან კონკურენცია უნდა მოიგოს, რომ პირველ გუნდში სათამაშო დრო მიიღოს.
CrystalSport-ის ცნობით, ქარსელაძეს დიდი სურვილი აქვს, რომ სექტემბერში ოფიციალური მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახოს. იმედოვნებს რომ ლუიშ ფრეირე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მატჩებში სათამაშო დროს მისცემს, რაც ნაკრებში გამოძახების შანსს გაზრდის.
ევრო 2025-ის შესარჩევში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უახლოეს მატჩებს მოლდოვასთან (შინ, 5 სექტემბერს) და ნიდერლანდებთან (სტუმრად, 9 სექტემბერს) ჩაატარებს.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა გიორგი ადამიამ ქარსელაძე საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში გამოიძახა და ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა. მანამდე, 2023 წელს ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში ოთხ ამხანაგურ მატჩში ათამაშა, თუმცა ოფიციალური შეხვედრებისთვის არ გამოუძახებია.