ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი
Aa Aa

ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება

იუთუბის გადამკიდე (ცრუ ცხრიანი) ბოლო ორი წელია ბლოგების წერას ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ, როგორც ადრე, თუმცა რასაც დღეს წაიკითხავთ ეს აუცილებლად უნდა დამეწერა. იმედი მაქვს, ჩემს სათქმელს თქვენამდე მარტივად და გასაგებად მოვიტან...

დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს პირად, სუბიექტურ შეხედულებაზე - გავლენებზე, რომლებიც ბავშვობიდან მოდის და დღემდე ცოცხლობს. ფეხბურთს ერთი ძალიან მაგარი რამ ახასიათებს - არის მომენტები, როცა ბავშვობაში გაბრუნებს. როგორ? განცდებით! ისეთ რაღაცას განახებს, ისეთ რაღაცას განგაცდევინებს, რომ ბავშვობის წლები გახსენდება, როცა სუფთა, წმინდა და ძალიან მოწამლული გრძნობით იყავი სავსე. სიგიჟემდე გიხაროდა და ჭკუიდან გადასვლამდე ყვირილს გაიძულებდა.

სტატიის სათაურში მესიც და კვარაც ორივეა ნახსენები. რა თქმა უნდა, რაიმე შედარებაზე ან რომელი რაშია მაგარი ან ვერა, ამაზე წერას დღეს არ ვაპირებ. დღეს გავლენებზე ვისაუბრებ, დადებით გავლენებზე, რომლებსაც ადამიანის ბუნების, ხასიათის, ქცევის დადებითისკენ შეცვლა შეუძლია. და ეს ამ ორ ფეხბურთელს პირადად ჩემთვის ნამდვილად მსგავსებს ხდის.

მოდი ჯერ თავიდან დავიწყებ, ქრონოლოგიურად მივყვები და ლოგიკური ბმებით გადავალ თემიდან თემაზე. ბოლოს კი თავადაც დარწმუნდებით, რომ ფეხბურთს ძალიან ბევრი შეუძლია, იმაზე ბევრი, ვიდრე წარმოგვიდგენია...

თავი პირველი: როცა დისნეის სამყარო რეალური ხდება

კატარის მუნდიალის შემდეგ, ჩემი როგორც ქომაგის 26 წლიანი საფეხბურთო ცხოვრება შევაფასე, უკან მოვიხედე - რა ვნახე როგორც გულშემატკივარმა?

ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების შვილები, ვისაც თავიანთი საქომაგო ცოტა გვქონდა (სამწუხაროდ), ვიზრდებოდით უცხოურ ფეხბურთზე და ვქომაგობდით სხვებს, რომლებიც შემდეგ ჩვენები ხდებოდნენ. რატომ? სპორტმა ასე იცის, როცა ვიღაცას წლების განმავლობაში რაღაცის გამო გულშემატკივრობ, ეს რაღაცა არის ღირებულებები, რომელიც შენ მასთან გაერთიანებს. შესაძლოა ეს სტილი იყოს, ხასიათი და ასე შემდეგ. სწორედ მსგავსი ნიუანსები გაქცევს გულშემატკივრად. ზოგადად ფეხბურთმა საზღვრები არ იცის - თუ გიყვარს ესე იგი შენიანია. გადის წლები და უკვე ის უცხოელად, სხვად აღარ მიგაჩნია და როგორც შენს ისე უყურებ.

კობი ბრაიანტის გარდაცვალება ისე მივიღე, როგორც შინაური ადამიანის ტრაგედია. კობიც უზომოდ მიყვარდა, ჩემთვის კალათბურთი თავიდან ბოლომდე ის იყო... ეს სხვა თემაა, ახლა ამაზე არ გვინდა...

ფეხბურთმა ეს იცის, ახასიათებს და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ისტორიიდან და გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი ფეხბურთი არ გვქონია, რომ თაობები საკუთარ გუნდებზე გაზრდილიყვნენ. ამიტომ ჩვენთან უცხოურ კლუბებსა თუ ნაკრებებს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და ერთგული ქომაგები ჰყავდათ - 26 მარტამდე! ამ დღის შემდეგ „ფეხი ავიდგით“.

როგორც კვარაა დღეს თითოეული ნეაპოლელის ოჯახის წევრი და მალე მსოფლიოში სხვა ქვეყნებშიც შეაღებს სხვების ოჯახების კარებსაც, ასევე იყო ჩემთვის მესი წლების მანძილზე.

უოლტ დისნეის სამყარო ხომ იცით? ლეოს ისტორია დისნეის მულტფილმივით არის - რთული გზითაა სავსე და ლამაზად სრულდება. მესის ისტორია სრულყოფილია. ცხოვრებაში ასე იშვიათად ხდება. თან ფილმივით დრამატული ფინალი ჰქონდა.

ფეხბურთი მაგარი რამეა. ბევრ ცუდზე მათქმევინა უარი. აღარ დავკონკრეტდები... როცა უბანში ასეთი მომენტები იყო, მე ამ დროს ის უფრო მაინტერესებდა საღამოს არსენალი ვალენსია იწყებოდა და შუქი არ გათიშულიყო, რომ ანრის, ბერგკამპის, მენდიეტას და სხვა ჯადოქრებისთვის მეყურებინა.

ბევრი მაგარი ტიპი ვნახე, რონალდო, ზიდანი, რივალდო, კლუივერტი, მენდიეტა, ანრი, ბერგკამპი, დელ პიერო, ტოტი, რაული, რონალდინიო, დეკო, ეტოო, კაკა, ჩავი, ინიესტა, იბრა...

ლამპარდი და შევჩენკოც მაგრად მევასებოდა, არასდროს ვქომაგობდი მათ გუნდებს, თუმცა ვიცოდი და წარმომედგინა რა მაგარი გრძნობა იქნებოდა მათ მხარეს ყოფნა.

შემდეგ იყო მესი...

ლეო თავიდანვე ბრწყინვალე იყო, თუმცა „მონსტრი“ გალიიდან მაინც გუარდიოლამ გამოუშვა და იდეალურად ასწავლა, თუ როგორ უნდა ენადირა ისე, რომ ნადავლს შანსი არ ჰქონოდა.

ლეოც მთელი კარიერა ასე ნადირობდა და 2022 წლის 18 დეკემბრამდე ამ გზით დადიოდა. მსოფლიო ჩემპიონატი მისი ცხოვრების იდეალური ფინალია.

რომ ვერ მოეგო, ჩემთვის მის სიდიადეს არაფერი დააკლდებოდა, თუმცა ფეხბურთს ბევრი „ურწმუნო თომა“ ჰყავს და ამ ფინალის მოგება მათთვის იყო საჭირო. როგორც ჟოზე მოურინიომ თქვა - „მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის მხოლოდ მისი სიდიადის ხელმოწერაა, უბრალო დამადასტურებელი საბუთი“. - ჟოზეს ამ შემთხვევაში 100%-ით ვეთანხმები.

ფეხბურთის ქომაგებმა ჩვენი როგორც გულშემატკივრის ცხოვრება დეკადებად უნდა დავყოთ.

ბავშვობიდან დღემდე (33-ის ვარ), საოცარი და დაუვიწყარი რაღაცები ვნახე. ჩემთვის ეს ყველაფერი ლამაზი და სრულყოფილი იყო. თუმცა, როცა ასაკი გემატება, ის ნაპერწკალი ნელ-ნელა ქრება, ბოლომდე არა, მაგრამ ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც წლების წინ, თან მაინც უცხოა და არა ქართული... რაც არ უნდა იყოს, ადამიანს გინდა, რომ თუნდაც წლების შემდეგ, დადგეს დრო, როცა შენს, შენი ქვეყნის წარმომადგენელ კლუბს, ნაკრებს, თუ უბრალოდ ფეხბურთელს უქომაგებ. თუ ეს არ გაქვს, 20-30 წლის შემდეგ, იმავე ენთუზიაზმითა და მონდომებით ვეღარ ხარ.

კატარის მუნდიალმა მეც ამ მომენტამდე მიმიყვანა, თუმცა იმ დროს უკვე კვარა იყო გამოჩენილი, რომელსაც გიჟური ქმედებების ჩადენა დაწყებული ჰქონდა და ნელ-ნელა ჩემში ძველებურ, ბავშვობის დროინდელ ცეცხლს, ფანატიზმამდე მიყვანილ რეაქციებს ისევ აღძრავდა... ვგრძნობდი, რომ სიგიჟის ქარიშხალი მიახლოვდებოდა... ვგრძნობდი, რომ ჩემში არსებული ბავშვი ყვირილს იწყებდა, სისხლი ისევ ცეცხლმოდებული ჩქეფდა!

თავი მეორე: კვარა_დონა? არა | კვარა_ცხელია!

კვარას გამოჩენამ ჩემში როგორც ქომაგში ახალი თავის დაწერა დაიწყო, ახალი კარი გამოაღო და წარსულში დამაბრუნა, თუმცა ამჯერად უფრო მეტად იღბლიანი ვარ, რადგან ჩემიანს ვქომაგობ, ქართველს, რომელიც საფეხბურთო ელიტაში გაერია და ჩვენი პატარა, მაგრამ ლამაზი, ისტორიული და საამაყო ქვეყნის სახელს ყველას აცნობს.

ხვიჩამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა პირველ რიგში, რაც ცალკე უნდა გამოვყო არის ქვეყანაში ფეხბურთის მასშტაბის გაზრდა. ამ თამაშმა თითოეულ ადამიანში შეაღწია, მათ შინაგან სამყაროში ვისაც არ ესმის ამ თამაშის სიდიადე, შესაძლებლობები, მაგრამ ხვდებიან, რომ რაღაც კარგია, დადებითი მუხტის, განცდის მომტანი. ყველას უნდა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდეს, იყოს ბედნიერი, აღივსოს დადებითით, იმედით დაიმუხტოს და ოპტიმიზმს ასხივებდეს - და ფეხბურთს ეს ყველაფერი ერთად შეუძლია. მრგვალი სფერო ფეხებთან ახლოს, რწმენით სავსე გული და გონება, რომელიც გუნდურად აზროვნებს - დანარჩენს უკვე თვალები ხედავს.

კვარამ მოგონებების ოთახი გაანგრია და ამოხეთქა!!! თურმე სადღაც იქ ყოფილა, ღრმად ჩამალული, მიძინებული, დრომოჭმული და იმ ცეცხლს ელოდა, რომელიც მას გააცოცხლებდა. ამ ბიჭმა ერში სიხარული, პოზიტივი, ერთობა და რაც მთავარია - ბავშვების ფეხბურთით დაინტერესება გამოიწვია. თაობები „მოწამლა“!

ხვიჩას გამოჩენის შედეგად უბრალო ქომაგებმა, რიგითმა მოქალაქეებმა მთელი ჩვენი ნაკრები ახლოს გაიცნო. დაინახეს, რომ კარგი გუნდი გვყავს, ღირსეული და სამაგალითო სპორტსმენებით, მისაბაძი ადამიანებით დაკომპლექტებული. ახლა ფეხბურთი საქართველოში იმდენად მასშტაბურია, როგორც არასდროს.

ეს პატარა ბიჭი ალბათ იუთუბიდან ბევრმა იცით. ასე რომ ტირის ესპანეთის ნაკრების მარცხზე, რომელიც დღეს ჩემი თანამშრომელი და მეგობარია. ამ ადრეულ ასაკში კვარას, რომ ეთამაშა, ხვიჩას მარცხზე იტირებდა და მის გოლებზე გაიხარებდა. არა მარტო ის, არამედ ყველა ქართველი ბავშვი. მაგრამ უკვე დღეს, პატარებს ამის ფუფუნება და ბედნიერება აქვთ! დღეს შეგვიძლია ჩვენ ბიჭებზე შევიშალოთ და ჭკუიდან გადავიდეთ!

კვარამ დრო უკან გადაახვია და ყველა ჩვენგანში არსებული ბავშვი გააღვიძა, რომელიც არსად მიდის და მუდამ ჩვენთანაა. უბრალოდ ხანდახან მცირე ბიძგი და ნაპერწკალი სჭირდება, რომ გაიღვიძოს და ამოხეთქოს.

როდესაც განურჩევლად სქესისა, გემოვნებისა და ცოდნისა - ყველას სახლისკენ, თუ ბარისკენ მიეჩქარება, რომ ნაპოლის თამაშს მიუსწროს... „შაბათს არის ხო თამაში? რომელ საათზეა?“ - ამ კითხვას ბოლო 2 წელია ისეთი ადამიანებისგანაც ვისმენ, რომლებსაც წლებია ვიცნობ და ფეხბურთთან უბრალოდ ახლოსაც კი არასდროს გაუვლიათ. არ იციან კარგად წესები, არც ისტორია. და რატომ სვამს ყველა ამ კითხვას და რატომ არის ამხელა ინტერესი? რატომ არის სოციალური ქსელები ცეცხლმოკიდებული ხვიჩას ყველა გოლის შემდეგ? ეს კითხვები გაჩნდა და ამაზე მე მარტივი პასუხი მაქვს:

ყველას უნდა პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოს, გაიხაროს, იყოს ამაყი და მისი ქვეყანა, ხალხი კარგი კუთხით წარმოჩინდეს მსოფლიოს თვალში. ნებისმიერ ადამიანს აქვს გულის სიღრმეში ეს სურვილები და პასუხიც სწორედ ეს არის - ხვიჩამ ტყავის სფეროს დახმარებით, ხალხი გააერთიანა და ბედნიერი გახადა. განსაკუთრებით ამაყები საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტები არიან, რომლებიც დღეიდან არა „From Georgia“-დან არიან, არამედ კვარას ქვეყანას წარმოადგენენ! რაც ძალიან ბევრ რამეს ცვლის.

ახლა თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ბიჭი შუაგულ ევროპაში, რომელსაც ვქომაგობთ და რომელიც ჩვენი ქვეყნის ელჩია. და უკვე იმედი სანაკრებო დონეზეც გვაქვს, რადგან ხვიჩას გამოჩენის შემდეგ, ნელ-ნელა პროგრესი დაიწყო, სხვებიც გამოჩნდნენ, გუნდს სწორი საძირკველი ჩაეყარა და ქართველები შემდეგ საფეხურზე ავედით - ევროპაზე გავედი!

ნელ-ნელა ამბიციებიც მოგვეძალა, ეტაპობრივად ვირწმუნეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია. უკვე სხვებიც გამოჩნდნენ და დავინახეთ, რომ თურმე ჩვენც შეგვძლებია, გვყოლია ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ ლიდერი სჭირდებოდათ, ხმაურის გამომწვევი ბიჭი, რომელიც ამ ყველაფერს ერთ მუშტად შეკრავდა.

თავი მესამე: ორი საერთო | გენიალურობა და თავმდაბლობა

როგორ თავიდან აღვნიშნე, დღეს სათამაშო კუთხით შედარებებზე და რომელი რაშია მაგარი, ამაზე საუბარი არ მექნებოდა.

იმედი მაქვს, ჩემი სათქმელი თქვენამდე გასაგებად მოვიტანე, თუ რისი მოყოლა და გადმოცემა მინდოდა.

ახლა რაც შეეხება ლეოსა და კვარას საერთო მახასიათებლებს. ფეხბურთის ქომაგთა რამდენიმე ტიპი არსებობს. ყველას არ ჩამოვთლი, მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, იმას, რომელსაც მე მივეკუთვნები. ფეხბურთელებში გარდა მათი უნარებისა და სათამაშო სტილისა, პიროვნულ მახასიათებლებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. უბრალოება, თავმდაბლობა, იმ გენიალურობის ფონზე, რაც მათ გააჩნიათ, ჩემში ორმაგ აღფრთოვანებას იწვევს.

„მესისთან შეხვედრას დაუჯერებელი ისტორია ახლავს და ამის შემდეგ, ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.

უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემკენ წამოვიდა და ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის... საოცარი ადამიანია, მაგარი პიროვნებაა და ამას ძალიან ვაფასებ“.

- ამბობს კვარა მესის შესახებ.

ვიცოდი, რომ კვარა და მესი ერთმანეთს მოედანზე ვერ შეხვდებოდნენ, ასაკში სხვაობის გამო, თუმცა პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მათი მცირეხნიანი შეხვედრა შედგა.

ჩემთვის პირადად ორმაგად დიდი მნიშვნელობისა და ემოციების მომტანია, როდესაც ასეთი დონის სპორტსმენები ასე უბრალოდ იქცევიან. თავმდაბლობითა და უბრალოებით გამოირჩევიან. ხვიჩაც ასეთი ადამიანია - უბრალო, კეთილი, თბილი, მშვიდი და სხვების მიმართ პატივისცემის გამომხატველი, მორწმუნე და ოჯახის მოყვარული მისაბაძი ადამიანი.

თავი მეოთხე: ჩვენც გავგიჟდით

„ბოკა ხუნიორსის“ პატარა ქომაგის ვიდეო რამდენიმე თვის წინ (შეიძლება მეტიც გავიდა), სოციალურ ქსელებს მოედო და ვირუსულად გავრცელდა. როგორი ემოციურია და რამდენად მარტივად, გენიალურად გადმოსცემს თავისი კლუბის სიყვარულს...

„ჩვენ მამის მოტოციკლი გავყიდეთ, ჩემი ფლეისთეიშენიც გავყიდეთ, რომ აქ ვყოფილიყავით! და ჩვენ ჯერ ბილეთებიც კი არ გვაქვს, მაგრამ შეხედეთ რა ხდება ირგვლივ, შეხედეთ ამას, ეს ბოკაა! წინ ბოკა!"


ვუყურებდი ამ პატარა ბიჭუნას და თეთრი შურით მშურდა. კარგია, როცა შენს ემოციებს, უარყოფით ენერგიას უქმეებზე ტრიბუნებზე ტოვებ და შინ დადებითად დამუხტული მიდიხარ. ჩვენ ეს საკლუბო კი არა სანაკრებო დონეზეც სანატრელი გვქონდა.

შეიძლება ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ფსკერთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ასეთ განცდებთან, თუმცა ასეთი გულანთებული ბავშვები ჩვენც გვყავს, რომლებმაც ევრო 2024-ის დროს გვანახეს, თუ რამდენად არიან მოწამლულები, რამდენად უყვართ ეს თამაში, რომელსაც ყველანი ერთად გადავყავართ ჭკუიდან, როცა გოლი გავა და გოლი აუცილებლად გავა!

პირადად მე უკვე შევიშალე და რეალობის განცდა გერმანიაში იმ ჯადოსნურ სტადიონებზე სრულად დავკარგე. ამ კადრებს უკომენტაროდ გთავაზობთ...


კიდევ ერთი რამ, რაც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, არის ევროზე ჩვენი სიმღერები და შეძახილები. 3-4 წლის წინ, ტრიბუნებზე შეკრებილ ქართველ ქომაგებს ბევრი არაფერი გაგვაჩნდა. მაგრამ ლუქსემბურგთან მატჩიდან ევრო 2024-მდე წინ იმხელა ნახტომი გავაკეთეთ, რომ გერმანიაში თამამად შემიძლია ვთქვა - ჩვენზე მეტი გამამხნევებელი სიმღერა არც ერთი ნაკრების გულშემატკივრებს არ ჰქონიათ. აქ ჩანს ჩვენი ქართველების ფეხბურთისადმი სიყვარული. პატარა წარმატება ვნახეთ და საფეხბურთო კულტურაში ჩვენზე გამოცდილ ქვეყნებს ისე ჩავუქროლეთ როგორც ბეილმა ბარტრას.

ჩემი საუბარი დასასრულისკენ წავიდა და ბოლოს მინდა ვთქვა/ვისურვო, რომ ქვეყანაში მეტად იყოს ფეხბურთი დაფასებული. მეტად აფასებდნენ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, რადგან ეს საქმე სხვებზე არაფრით არის ნაკლები. ფეხბურთმა ქვეყანა გააერთიანა და ხალხს გამარჯვების გემო გაასინჯა. ეს ყველაფერი კი ჯამში გამარჯვებულის მენტალიტეტს აყალიბებს.

სულ ბოლოს კი ბრაზილიელი ადრიანოს გამონათქვამით დავასრულებ, რომელმაც ფეხბურთის მნიშვნელობა მოკლედ და ლამაზად ახსნა:

„ფეხბურთმა თავმოყვარეობა, ცხოვრებისეული მიზნები, გამბედაობა და ბალანსი მომცა. ფეხბურთი ჰუმანურობისა და იმედის სინონიმია".

P.S. რა ბედნიერია ხალხი, რომლებსაც ბავშვობიდანვე ასეთ გარემოში უწევთ გაზრდა. ახლა უკვე მჯერა, რომ ჩვენი ახალი თაობაც მსგავს გარემოში გაიზრდება. მათ უკვე ადრეული ასაკიდანვე იხილეს სასწაული და საქართველოში უკეთესი თაობა აუცილებლად გაიზრდება!

გაზიარება: