პარი სენ-ჟერმენის ახალი ვარიანტი | მამარდაშვილი სერია A-ში?
„მანჩესტერ სიტის“ მეკარის, ედერსონის საუდის არაბეთში გადასვლას შესაძლოა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი მოჰყვეს. ბრაზილიელ მეკარეს სერიოზული მსურველი ჰყავს და „ქალაქელები“ მის შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმას მოიაზრებენ, რომელსაც უკვე დაუკავშირდნენ.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Repubblica ამ ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით, პსჟ დონარუმას გაშვების წინააღმდეგი არაა და ნისლიან ალბიონზე გადასვლის პერსპექტივა ჯიჯისაც ხიბლავს. „პარი სენ-ჟერმენმა“ მის შემცვლელზეც დაიწყო ფიქრო და იწერებოდა, რომ „პარკ დე პრენსზე“ გიორგი მამარდაშვილსა და ანდრეი ლუნინს განიხილავდნენ.
La Repubblica განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის და აცხადებს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სამიზნე „მილანის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაიკ მენიოა. ფრანგ მეკარეს ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს და იტალიური გამოცემის მიხედვით, მისი წასვლის შემთხვევაში, „როსონერი“ „მამარდას“ გაფორმებას შეეცდება.
მოკლედ, ედერსონზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის, „სიტის“ სასურველი წინადადება არ მიუღია და დათმობებზე წასვლასაც არ აპირებს, რადგან საუბარი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ეხება.