„კონტე თავის მოთამაშეებს არ ამახინჯებს, მათ პროგრესში უწყობს ხელს“
„რომასა“ და „ტორინოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა ლუიჯი გარზიამ ანტონიო კონტეს ახალ „ნაპოლიზე“ ისაუბრა და რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც.
„მე კონტეს დიდი მეგობარი ვარ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახით ნეაპოლში დიდი გულშემატკივარი ჰყავს. იმედი მაქვს, ის აქ დიდ მიზნებს მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ კონტე ძლიერ და კონკურენტუნარიან ნაპოლის შექმნის. გუნდში ცვლილებები იყო საჭირო და ეს მოხდა კიდეც. ახლა ყველაფერი სწორად მიდის და იმედი მაქვს შედეგებიც შესაბამისი იქნება.
ლუკაკუ? ვფიქრობ, ის საუკეთესო შენაძენი იქნება, რადგან კონტეს კარგად იცნობს. ის არ არის დასრულებული მოთამაშე, პირიქით, მას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. ნახავთ, რომ ბელგიელი ბევრ გოლს გაიტანს. მას ეს სჭირდება. რომელუს საამისოდ საუკეთესო პირობებში ყოფნა დასჭირდება და კონტე ამაში ნამდვილი ოსტატია.
დი ლორენცოსა და კვარას დარჩენა? მოდი კაპიტნით დავიწყებ, კონტეს გუნდში დანიშვნამ ნაპოლის ახალი და სუფთა ჰაერი მისცა. შესაბამისად, კაპიტანი თავს ახლად დაბადებულად გრძნობს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, თქვენ გაინტერესებდათ შეიცვლებოდა, თუ არა გუნდში მისი როლი. მე გეტყვით, რომ აბსოლუტურად არა. კონტე თავის ფეხბურთელებს არ ამახინჯებს, პირიქით, მათ პროგრესის მიღწევაში უწყობს ხელს. ქართველი ფეხბურთელი მისთვის ფასდაუდებელი მარგალიტია და ეს თავად ყველაზე უკეთ იცის“.
- ციტირებს გარზიას სიტყვებს Areanapoli.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ნეაპოლში 25 ივლისს ელიან. გაძეტას ცნობით, კასტელ დი სანგროში ხვიჩასთან ერთად ვიქტორ ოსიმენსაც ელიან, რომლის პსჟ-ში ტრანსფერიც ჩიხშია შესული.