„ძალიან მომწონს, იმედია გოლებს გაიტანს“ | ბენრაჰმამ მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ლიონის“ ფეხბურთელი, საიდ ბენრაჰმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს გამოეხმაურა. ალჟირელმა გარემარბმა 23 წლის ქართველი თავდამსხმელი შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი „ლიონის“ მაისურით ბევრ გოლს გაიტანს.
„გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. სტატისტიკა, რომელიც გასული სეზონის ბოლო ექვს თვეში, მეცის რიგებში დააფიქსირა, ადასტურებს რა დონის მოთამაშეა. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან ერთადაა. იმედი მაქვს, ლიონის მაისურით გოლებს გაიტანს, დაგვეხმარება და გუნდში რაღაც დამატებითს შემოიტანს“.
როგორც მოგეხსენებათ მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. ფრანგულ კლუბს გიორგის ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხამ შესაძლოა, 4.5 მილიონით მოიმატოს. გარდა ამისა, მიქაუტაძის გასხვისების შემთხვევაში, „ლიონმა“ „მეცს“ მიღებული თანხის 15 პროცენტი უნდა გადაუხადოს.
გასულ სეზონში, მიქაუტაძემ ლიგა 1-ში მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა, რის შემდეგაც, Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.