სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი ისევ სპურსში ითამაშებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მომდევნო სეზონშიც სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ ღირსებას დაიცავს. კლუბის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით, არც ერთ კალათბურთელთან გაფორმებული ხელშეკრულების ხანგრძლივობა და პირობები არ ხმაურდება და „მამუს“ შემთხვევაც ასეთია, რომელიც შეუზღუდავი სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტი გახლდათ და საბოლოოდ, ისევ ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით თამაში არჩია.

მამუკელაშვილისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი გასული სეზონის ბოლო პერიოდი იყო, როდესაც უკანასკნელი რვა მატჩიდან ხუთი სასტარტოში დაიწყო და 26 წუთში საშუალოდ 11,4 ქულას, 9,9 მოხსნასა და 2,1 გადაცემას აგროვებდა. საერთო ჯამში კი „სპურსის“ რიგებში ორი სეზონის მანძილზე ჩატარებულ 61 შეხვედრაში 25 წლის ქართველი მძიმე ფორვარდის ანგარიშზე 13, 8 წუთში საშუალოდ 6,1 ქულა, 4,2 მოხსნა და 1,5 გადაცემა იყო.

თავისი პირველი კონტრაქტი „მამუმ“ ტეხასის კლუბთან 2023 წლის 3 მარტს გააფორმა, იქამდე კი „მილუოკი ბაქსის“ წევრი იყო. თბილისელი მოთამაშე NBA-ს დრაფტზე 2021 წელს, 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და მაშინვე „ბაქსის“ დაუთმო. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრამდე კი სანდრო მამუკელაშვილი ოთხი სეზონის განმავლობაში „სეტონ ჰოლში“ გამოდიოდა და ჯამში კოლეჯების ლიგაში 104 მატჩი გამართა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური ვარიანტი | მამუკელაშვილის პრიორიტეტი NBA-ში დარჩენაა
იტალიური ვარიანტი | მამუკელაშვილის პრიორიტეტი NBA-ში დარჩენაა