დიმიტრიევსკი ვალენსიადან წავა? - ეს მამარდაშვილზეა დამოკიდებული
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ვალენსიამ სტოლე დიმიტრიევსკი მხოლოდ იმიტომ დაიმატა, რომ გიორგი მამარდაშვილი შეეცვალა.
ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და ახლა მამარდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა(45 მილიონი ევრო).
ამ ფაქტმა მისი გაყიდვა გაართულა, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს და ცოტაა ისეთი ევროპული ტოპ კლუბი, რომელსაც კარგი მეკარე არ ჰყავს.
აქედან გამომდინარე, თუ გიორგი ვალენსიაში დარჩება შესაძლოა ღამურებმა დიმიტრიევსკი გაყიდონ. ეს მის სურვილზეც იქნება დამოკიდებული.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას ამ ზაფხულში გუნდის დატოვება შეუძლია. მსურველს კი 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
მიუხედავად გამოსასყიდი თანხისა, შესაძლოა ვალენსიამ დიმიტრიევსკის წასვლის უფლება ყველანაირი ფინანსური ვალდებულებების გარეშეც მისცეს. კონტრაქტის პუნქტის ამოქმედება გიორგი მამარდაშვილის მომავალზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე 29 მოგერიება შეასრულა და ასეთი შედეგი სხვა ვერცერთმა მეკარემ ვერ დააფიქსირა.