ზარე ფავორიტია, თუმცა გენო ისევ აქ არის - მძიმე წონაში დიდ ბრძოლას ელიან
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ თამაშებზე თითოეულ წონით კატეგორიაში საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა დღემდე ყველაზე პრესტიჟულად მძიმე წონითი, 125 კილოგრამი კატეგორია ითვლება, სადაც ისევე როგორც წინა თამაშებზე, საქართველოს სახელით 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გამოვა. MMA Fighting-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამ წონის მთავარ ფავორიტად ირანელი ამირ ზარე არის დასახელებული.
რას წერენ პეტრიაშვილის შანსებზე
მას შემდეგ რაც ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა გეიბლ სტივენსონმა აქტიურ ჭიდაობას თავი დაანება, წონის ლიდერად 23 წლის ირანელი ამირ ზარე იქცა, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია და 2021 და 2023 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წინა ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ ახლა გაცილებით გამოცდილია და უმაღლეს სინჯს უმიზნებს.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზარეს კონკურენტები არ ეყოლება - განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქართველ გენო პეტრიაშვილზე, რომელსაც სამი წლის წინ ოლიმპიური ოქროს ფაქტობრივად ჯიბეში ედო, თუმცა ბოლო წამებზე ყურადღების მოდუნება ძვირად დაუჯდა, სტივენსონთან დამარცხდა და ეს უკანასკნელი ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილის გარდა საქართველოს სახელით გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე და გივი მაჭარაშვილი იასპარეზებენ.