ქართველებთან მატჩში ბევრმა იმედები გამიცრუა - ავსტრალიელების მწვრთნელი გაბრაზებულია
თითოეული სარაგბო მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი თამაშის მიმდინარეობისა და ხასიათის გარჩევით არის დაკავებული, სათანადო დასკვნები კი უკვე რამდენიმე დღის შემდეგ კეთდება. ასევე იყო ავსტრალია-საქართველოს შეხვედრის შემთხვევაში, სადაც „ვოლაბებმა“ 40:29 გაიმარჯვეს, თუმცა ბორჯღალოსნებმა უძლიერეს მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც გუშინ, ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა.
რა თქვა შმიდტმა
მეტოქემ ძლიერი ხასიათი გამოავლინა და იყო ეპიზოდი, როდესაც თამაშში დაბრუნდა. თუმცა, მგონია, რომ ეს ჩვენი უსუსურობის ბრალიც იყო. კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ არსებობს მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებმაც ხელები ნაადრევად ჩამოუშვეს და არსებობენ მორაგბეები, რომელთაც ამ დონეზე სათამაშოდ მუშაობა ისევ სჭირდებათ.
რა საჭირო იყო უელსთან მატჩებთან შედარებით შემადგენლობაში 10 ცვლილება? საწვრთნელ პროცესს ყოველდღიურად ვუძღვები და ბუნებრივია იქ ჩნდებიან ფიგურები, რომლებიც თავიანთი მონდომებით მიმტკიცებენ, რომ შანსის მიცემას იმსახურებენ. ქართველებთან მატჩში ბევრმა იმედები გამიცრუა და რაღა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე მათთან ერთად, ძლიერი მოწინააღმდეგეც იყო.
ზაფხულის ტესტ-მატჩებში ქართველებთან დაპირისპირებამდე, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა უელსელებთან ორი სპარინგი გამართა და მეტოქე ჯერ 25:16, შემდეგ კი 36:28 დაამარცხა.