„მისნაირ ტექნიკურ ფეხბურთელს ვეძებდით“ - სენტ ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „სენტ ეტიენმა“ საკმაოდ იაქტიურად და ოთხი მაღალი კლასის ფეხბურთელი, იუნუს აბდელჰამიდი, ბენ ოლდი, ოგუსტინ ბოაკიე და ზურიკო დავითაშვილი დაიმატა. თუ პირველი სამი უკვე „მწვანეებს“ შეუერთდა, დავითაშვილი ჯერჯერობით შვებულებაშია და ახალი გუნდის ბაზაზე ხვალიდან გამოცხადდება. 23 წლის ქართველ შემტევი ტიპის ნახევარმცველზე კლუბის მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლო რომ უდიდეს იმედებს ამყარებს, ეს მის კომენტარზეც მეტყველებს, რომელიც „კლერმონთან“ საკონტროლო მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.
რა თქვა დალ’ოლომ
ზურიკოს შვებულება თითქმის დაუსრულდა და მას ბაზაზე სამშაბათს ველოდებით. ევროპის ჩემპიონატს ვუყურებდი და თან ვფიქრობდი, რომ გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი კლუბის თამაშს ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა.
დავითაშვილი ლიგა 2-ში თამაშობდა, მაგრამ საკუთარი კლასი მხოლოდ ქვედა დივიზიონში არ დაუმტკიცებია და ის კონტინენტის პირველობაზეც საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშე იყო. ლეპტოპსა და მობილურზე ვუყურებდი „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების თამაშებს და ზურიკოს ასპარეზობის ყურება იმდენად სასიამოვნო იყო, თვალს ვერ ვაცილებდი. ეს არის იმ ხასიათის ფეხბურთელი, რომელსაც თანაგუნდელების აყოლიება და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
60 წლის ოლივიე დალ’ოლო „მწვანეებს“ 2023 წლის 12 დეკემბრიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით გამართული 24 მატჩიდან გუნდმა 14 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონს ზურიკო დავითაშვილი და მისი თანაგუნდელები 18 აგვისტოს, სტუმრად „მონაკოსთან“ მატჩით გახსნიან.