სარდალაშვილის ურთულესი მისია - მსოფლიოს შემდეგ ოლიმპიადაც?!
საქართველოს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი არასოდეს ჰყოლია და არსებობს სერიოზული შანსი იმისა, რომ ჩვენთვის ეს უსიამოვნო ტრადიცია რამდენიმე დღეში საფრანგეთის დედაქალაქში დაირღვეს. ჩვენი ქვეყნის სახელით, ძიუდოს უმჩატეს წონაში გიორგი სარდალაშვილი გავა და რომელიმე სინჯის მედლის მოგების შემთხვევაში, ის გახდება ნესტორ ხერგიანის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რიგით მეორე ძიუდოისტი, რომელიც ოლიმპიური თამაშების პრიზიორი იქნება.
ყველაზე ცუდი ვარიანტი რომ მოხდეს და პარიზში მედლის გარეშე დარჩეს, მის კარიერაში 2024 წელი ისედაც საუკეთესო წელია, რადგან რამდენიმე თვის წინ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და შესაბამისად, იქცა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტად, რომელმაც პლანეტის პირველობა მოიგო. გადამწყვეტი შეხვედრის დამატებით დროში გიორგიმ ტაივანელ იონ ვენ იანს აჯობა, ფინალამდე კი ტურან ბაირამოვზე, ლინზე, ჩაეზე და ტაიკი ნაკამურაზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც ყველაზე მთავარია, პრესტიჟულ შეჯიბრებაზე სარდალაშვილმა, რომელიც მაშინ ჯერ ისევ 20 წლის გახლდათ, საოცარი დამაჯერებლობითა და მისი ასაკისთვის შეუფერებელი გროსმეისტერული გამოცდილებით იჭიდავა, რითაც ყველას გაოცება და საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.
როგორ დაიწყო დიდი ჩემპიონის ისტორია? გიორგი სარდალაშვილი 2003 წელს დედოფლისწყაროს რაიონის პატარა სოფელ სამთაწყაროში დაიბადა. მისი მშობლები საცხოვრებლად რუსთავში რომ გადასახლდნენ, გიორგი სულ რაღაც 5 წლის იყო და ზუსტად ორ წელიწადში სპორტის სხვადასხვა სახეობის მოყვარულმა ბავშვმა საბოლოოდ არჩევანი ძიუდოზე შეაჩერა, თუმცა პარალელურად ცურვაზეც დადიოდა. მისი პირველი მწვრთნელი ხვიჩა კაპანაძე გახლდათ, ხოლო პირველი სერიოზული ტიტული 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ქართულ ჭიდაობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამას მოჰყვა შიდა სარეიტინგო პირველობებსა და თურქეთის ღია თასზე ჩემპიონობა, რამაც ეროვნულ ნაკრებში მის დამკვიდრებას შეუწყო ხელი.
ისევე როგორც სხვა ძიუდოისტებს, პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ სარდალაშვილის კარიერული წინსვლაც შეაფერხა, თუმცა როგორცკი საერთაშორისო ტურნირები განახლდა, უნიჭიერესი ახალგაზრდას პროგრესმა კვლავაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მან ჯერ პრაღაში გამართულ კონტინენტურ ღიას თასზე დაიკავა პირველი ადგილი, რითაც მწვრთნელების ნდობა დაიმსახურა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, სადაც 2021 წელს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის, რაც კონტინენტის პირველობაზე ვერ შეძლო, შეძლო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ოქროს მედალს დაეუფლა. ტურნირს იტალიის ქალაქმა ოლბიამ უმასპინძლა და სხვათა შორის, გიორგიმ ფინალში ის ტურან ბაირამოვი დაამარცხა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ უფროსებს შორის გამართულ მსოფლიოს პირველობაზეც აჯობა.
2021 წელს დაწყებული წარმატებული ჭიდაობა 2022-შიც გაგრძელდა. მისთვის რიგით მეორე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორობას, თბილისის გრანდ სლემზე ვიცე-ჩემპიონობა და აბუ-დაბის დიდი პრიზის მოგება მოჰყვა. 2023 წელს თბილისის გრანდ სლემსა და დოჰაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე კი სარდალაშვილმა შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზუსტად სამი წლის წინ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოში ლაშა ბექაურის სახით 21 წლის ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა და იმედია, ამავე ასაკში მყოფი გიორგი სარდალაშვილიც შეძლებს და საკუთარ კლასსა და ოსტატობას მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს.