წაგებას არ ვიმსახურებდით - აზაროვი იფსვიჩთან მატჩზე
უკვე თითქმის ერთი თვეა „შახტარი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. დონეცკელებმა რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, მათი ბოლო მეტოქე კი „იფსვიჩი“ (0:1) გახლდათ, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი გოჩოლეიშვილისგან განსხვავებით, რომელიც იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, კუთვნილ შვებულებაშია, ირაკლი აზაროვმა დონბასელებთან ერთად მზადების მთლიანი ეტაპი გაიარა და „თაუნთან“ სპარინგის შემდეგ კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელს ინტერვიუ მისცა.
რა თქვა აზაროვმა
ჩვენთვის მშვენიერი მატჩი გამოვიდა, შევქმენით ბევრი მომენტი და ერთი გოლიც გავიტანეთ, რომელიც უსამართლოდ გაუქმდა, რადგან ტრაორე თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ფიზიკურად ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ, რაც შეკრების ამ ეტაპზე სრულიად ნორმალური მოვლენაა.
თამაშიდან გამოვარჩევდი ტრაორეს გაუქმებულ გოლს და ზუბკოვის კარგ მომენტებს. პირველ ტაიმში ინიციატივა მთლიანად ჩვენ მხარეს იყო და ნამდვილად არ უნდა წაგვეგო, თუმცა მეტოქემ ერთხელ დაარტყა და გაიტანა, რაც ფეხბურთში ხშირად ხდება.
„იფსვიჩ თაუნი“ კარგი გუნდია და პრემიერ ლიგაში შემთხვევით არ აღზევებულა. რაც შეგვეხება ჩვენ, „დინამო ზაგრების“ სახით წინ კიდევ ერთ სერიოზულ მეტოქესთან გველოდება სპარინგი და ვეცდებით სხვადასხვა კომბინაციების დახვეწასთან ერთად, გავიმარჯვოთ.
26 და 27 ივლისს ირაკლი აზაროვი და მისი თანაგუნდელები ხორვატიის დედაქალაქის გუნდთან ერთბაშად ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რითაც მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებენ. უკრაინის ჩემპიონატის ახალ სეზონს კი 10 აგვისტოს, „პოლისიასთან“ საშინაო მატჩით გახსნიან.