არველაძე: თავისუფალი თაობაა, სხვანაირად ფიქრობენ და აზროვნებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ Business Media Georgia-ს ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა თაობებს შორის განსხვავებებს ეხებოდა (პირობითად, შოთის თაობასა და კვარას თაობას შორის განსხვავებებზე).
„ჩემი თაობა და ეს თაობა განსხვავებულია. ჯერ ეს ერთი დროა 25 წლით წინ წასული, ბევრი რამ წინ წავიდა, ყველაფერი უფრო სწრაფია. ეს ბავშვები ბევრად წინ არიან. როგორც ჩვენზე ამბობდა ჩვენზე წინა თაობა, რომ თქვენ კარგი დრო შეგხვდათო. ოღონდ, ჩვენ შეგვხვდა პრინციპში ყველაზე ცუდი დრო. ომი ჩვენ შეგვხვდა, საბჭოთა კავშირში კი იყო კომუნიზმი, მაგრამ მინიმუმ ქვებს და ტყვიებს არავინ ისროდა. ჩვენ გარდამავალი პერიოდი შეგვხვდა, მაგრამ ეს თაობა სხვა თაობაა, წინ არიან, სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირად ფიქრობენ, სხვანაირად უდგებიან. თავისუფალი თაობაა, ნებისმიერ გარემოს მარტივად ეგუებიან.
ევრო 2024-ზე 30 წელს გადაცილებული 4-5 ფეხბურთელი გვყავდა. კაშიამ ოთხი თამაში ითამაშა 37 წლის ასაკში ყოველ მესამე დღეს. ჩვენ დროს 31 წლის ფეხბურთელები ვეტერანებად ითვლებოდნენ''.
შოთას აზრით, ვილი სანიოლმა ყველაზე მთავარი რაც შეძლო, არის ის, რომ ფეხბურთელები დაარწმუნა, რომ მეორე ნომრად თამაში სწორი გადაწყვეტილება იყო: „მან შეძლო დაერწმუნებინა ფეხბურთელები, რომ უბურთოდ უნდა გვეთამაშა. ძალიან რთულია, როცა ზურიკო, კვარა, მიქაუტაძე გყავს და უბურთოდ თამაშობ. თითქმის ყველა ისეთ კლუბშია, რომლებიც ბურთს აკონტროლებენ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. არც მახსოვს „ნაპოლის’’ ბოლოს როდის ჰქონდა ბურთის ფლობაში ჩამორჩენა, მათ შორის „მილანთან’’ და „ინტერთანაც’’ კი. 90 წუთი უბურთოდ სირბილი მარტივი არაა, ერთი აქნეული ხელი არ მინახავს. მოდი რა ამოვიდეთ, ზევით „მივახრჩოთ’’. ასეთი მომენტები არ ყოფილა.
ეს იყო ყველაზე რთული, რაც სანიოლმა შეძლო, რომ ფეხბურთელები დაერწმუნებინა უბურთოდ თამაშის სისწორეში. ამ ბიჭებამდე მიიტანა და დააჯერა მათ, რომ ამ თამაშით შედეგს მივაღწევდით. შესაძლოა, ფეხბურთელების ამის აღქმაში იმ მატჩებში განცდილი ტკივილიც დაეხმარათ, როცა შემტევი ფეხბურთის თამაში ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა''.