შენგელიასთან და ორ ახალწვეულთან ერთად - ვირტუსის განაცხადი ცნობილია
იტალიის საკალათბურთო პირველობის ბოლო ორი სეზონის ვიცე-ჩემპიონის „ვირტუსის“ მთავარი მიზანი მიმდინარე ზაფხულს ორი წამყვანი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას და მარკო ბელინელის შენარჩუნება იყო, რასაც კლუბის ხელმძღვანელებმა მიაღწიეს და 2024-2025 წლების ლეგა სერია A-სა და ევროლიგის განაცხადში ორივეს გვარი ფიგურირებს. თუმცა, კარგი სიახლეები ბოლონიურ კლუბთან დაკავშირებით ამით არ ამოიწურება.
შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში ასევე დარჩნენ დენიელ ჰაკეტი, ალესანდრო პაიოლა და ისა კორდინიე. სერბმა მსუბუქმა ფორვარდმა ოგნიენ დობრიჩმა კი მშობლიურ „ცრვენა ზვეზდაში“ დაბრუნება გადაწყვიტა. რაც შეეხება ახალ კალათბურთელებს, „ვირტუსმა“ „ანადოლუ ეფესიდან“ უილ კლაიბერნი დაიმატა, რომელმაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში ევროლიგა მოიგო და ოთხთა ფინალის MVP-ც გახდა. ასევე მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი ბედნიერია ლატვიელი ანდრეი გრაჟულისის დამატებითა და 26 წლის მცველის, მეტ მორგანის შეძენით, რომლებმაც მისი აზრით, გუნდი საკმარისად უნდა გააძლიერონ საიმისოდ, რომ „ოლიმპია მილანოს“ ორი წლის წინ დაკარგული ჩემპიონის ტიტული ჩამოართვან და ოქროს მედლები მოიპოვონ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლონიელებმა შარშანდელ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ევროლიგაში კი კარგად აღებული სტარტის შემდეგ სერიოზული ჩავარდნა დაეწყოთ და პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.