ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ულტიმატუმი პსჟ-ს ოსიმენზე

ხვიჩა კვარაცხელიასგან განსხვავებით, „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის ვეტო არ დაუდია, რის გამოც ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელები ნიგერიელი ფორვარდის მსურველ გუნდებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ. პრინციპში, რამდენიმე მსურველი მას უკვე აღარ ჰყავს, რადგან Sport Mediaset-ის ცნობით, პარტენოპეის საუკეთესო ბომბარდირის დამატების ერთადერთ კანდიდატად ამ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენია“ დარჩენილი.

პარიზელები აურელიო დე ლაურენტისს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა სამხრეთელთა პრეზიდენტი ჯიუტად 130-ს ითხოვს, რის გამოც მოლაპარაკებები ამ დრომდე გაჭიანურდა, ტრანსფერის დასაჩქარებლად კი დე ლაურენტისმა ორიგინალურ ხერხს მიაგნო. მან სენ-ჟერმენს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ თუ ისინი ხუთშაბათამდე, ანუ „ნაპოლის“ მეორე შეკრების დაწყებამდე აფრიკელ ფორვარდს არ დაიმატებენ, ის მოლაპარაკებებს შეწყვეტს და ოსიმენი მათთან დარჩება.

ნიგერიელი თავდამსხმელი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან გამოდის და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 133 შეხვედრაში თავი 76 გოლით გამოიჩინა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც ნეაპოლურმა კლუბმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის გამარჯვება ამხანაგურ მატჩში - ოსიმენმა არ ითამაშა
ნაპოლის გამარჯვება ამხანაგურ მატჩში - ოსიმენმა არ ითამაშა