ქართველები იტალიაში - გოგლიჩიძემ და ლორთქიფანიძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს
იტალიურმა „ემპოლიმ,’’ რომელმაც სერია A-ში ადგილი გასული სეზონის მიწურულს შეინარჩუნა, ამხანაგურ შეხვედრაში „ინგოლშტადთან’’ 0:0 ითამაშა. „ემპოლის’’ ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ ცვლილებაზე ითამაშა, ფრანჩესკო დონატი შეცვალა, საბამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
საბა იტალიურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, სერია A-ს შეხვედრებში განაცხადში მუდმივად ხვდებოდა, თუმცა არ უთამაშია, ახლა კი „ემპოლისთან’’ ერთად პირველ შეკრებას გადის. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ხვდება, ძალიან მონდომებულია, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, რაც კლუბში დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ასევე გეტყვით, რომ გასული სეზონის შემდეგ „ემპოლის'' მთავარ მწვრთნელად რობერტო დ'ავერსა დაინიშნა, მან დავიდე ნიკოლა შეცვალა, ნიკოლამ „კალიარი'' ჩაიბარა.
„კრემონეზემ’’ ამხანაგურ შეხვედრაში სერია C-ს გუნდი „ჯანა ერმინიო’’ 5:0 გაანადგურა. მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ ცვლილებაზე 19 წლის ქართველი ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე ათამაშა, 72-ე წუთზე ჩართო შეხვედრაში.
დაჩი „კრემონეზეს’’ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და პირველ გუნდთან ერთად შეკრებას პირველად გადის.
ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ბოლო ორი სეზონია კრემონულ კლუბშია, ევრო 2024-ზე თამაშის გამო შეკრებას გვიან შეუერთდა და მალე ამხანაგურ შეხვედრებში მასაც ვიხილავთ.