გიორგი მამარდაშვილი, სტოლე დიმიტრიევსკი
Aa
Aa

ვალენსიამ მზადება მამარდას გარეშე დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით ისევ კუთვნილ შვებულებაშია, „ვალენსიამ“ კი ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი საკონტროლო შეხვედრა გუშინ „კასტელონთან“ გამართა და უგოლო ფრე ითამაშა. 23 წლის ქართველის არყოფნაში „ღამურების“ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა, რომელიც „რაიო ვალეკანოდან“ სწორედ მამარდას შეცვლისთვის არის დამატებული.

კონტინენტის პირველობის დაწყებამდეც ნათელი იყო, რომ გიორგი ლევანტელებს დატოვებდა და კარიერას სხვა, უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში განაგრძობდა, ახლა კი, როდესაც მან ევრო 2024-ზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი შედგება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ „ვალენსიას“ წევრია, ამხანაგური თამაშის დამთავრების შემდეგ დიმიტრიევსკის, სწორედ ქართველთან კონკურენციაზე ჰკითხეს, რაზეც ჩრდილო მაკედონიელი გოლკიპერისგან მოკლე პასუხი მიიღეს, რომ ის კონკურენციისთვის და საქმის გასაკეთებლად არის მოსული, დანარჩენს კი მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა გადაწყვეტს.

მამარდაშვილი კიდევ რამდენიმე დღე დაისვენებს და უახლოეს პერიოდში შეუერთდება კლუბს. იმ შემთხვევაში თუ ის დარჩა, მაშინ გიორგის ლა ლიგის პირველივე ტურში კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან 17 აგვისტოს, „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსის ინტერესი ბენ ჯეიკობსმაც დაადასტურა | მამარდაშვილი ლონდონელთა რადარზე
ჩელსის ინტერესი ბენ ჯეიკობსმაც დაადასტურა | მამარდაშვილი ლონდონელთა რადარზე