ლობჟანიძის 2 საგოლე პასი - ატლანტა პლეი-ოფის ზონაში შევიდა
MLS-ის მორიგ ტურში ატლანტამ კოლუმბუს ქრიუს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი საბა ლობჟანიძემ შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი დაყო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პირველი ტაიმი როსის გოლით სტუმრებმა მოიგეს. მეორე ნახევარში, მასპინძლები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო.
მე-60 წუთზე საბა ლობჟანიძის ზუსტ კუთხურს გრეგერსენის გოლი მოყვა. ზუსტად იდენტური სცენარი განვითარდა 77-ე წუთზე. ქართველმა ფეხბურთელმა კვლავ კუთხური ჩააწოდა და ბურთთან პირველი 29 წლის ნორვეგიელი გაჩნდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ატლანტამ პლეი-ოფის ზონაში შეაღწია. საბას გუნდს 28 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლოს-ანჯელეს გელექსის დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძემ ყველა ტურნირზე ერთად 22-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.