აბურჯანია რონალდოს პროექტში - ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიაში ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში, საფეხბურთო კლუბ ავს-ში გააგრძელებს, რომელიც უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა. 29 წლის ნახევარმცველს ყოფილი კლუბი „ჟილ ვისენტე'' და „ბოავიშტა'' იწვევდნენ, თუმცა არჩევანი ავს-ის სასარგებლოდ გააკეთა.
CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ფაქტმა მოახდინა, რომ ავს-ი ძალიან საინტერესო პროექტია. ავს-ის რეალური მფლობელი ბრაზილიელი რონალდოა, კლუბის სპორტული დირექტორი პედრო კორეიაა, რომელსაც რონალდოსთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, „ვალიადოლიდისა’’ და „კრუზეიროს’’ სკაუტი იყო. ავს-ში გასული სეზონის დაწყებამდე მივიდა, კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ახლა გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს, რაც აბურჯანიას დამატებაშიც გამოიხატება.
ასევე გეტყვით, რომ რონალდო „კრუზეიროსა'' და „ვალიადოლიდის'' გაყიდვაზე მუშაობს. ესპანური კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიმდინარე წლის მაისში მიაღწია. მალე, რონალდო ორივე კლუბს ოფიციალურად გაყიდის და მთელ ყურადღებას ავს-ზე გადაიტანს.
პორტუგალიურ მედიაში ბოლო დღეებში აბურჯანიაზე აქტიურად იწერება. ავტორიტეტული გამოცემა O jogo აბურჯანიას ყოფილ თანაგუნდელს, პედრო ტიბას ესაუბრა, ისინი ერთად „ჟილ ვისენტეში'' თამაშობდნენ.
პედრო ტიბა: „აბურჯანია ჭკვიანია, თამაშს კარგად კითხულობს. იცის, როგორ გადაკეტოს ზონები. არ აშინებს სტრესული ვითარებები. ავს-ის მთავარი მწვრთნელის, ვიქტორ კამპელოსის სათამაშო სტილს კარგად უნდა მოერგოს, რადგან კამპელოსი უპირატესობას ბურთის ფლობას, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს''.
2021-23 წლებში აბურჯანია „ჟილ ვისენტეში'' თამაშობდა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 63 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია რომ მისი გოლით „ჟილ ვისენტემ'' „ბენფიკა'' სტუმრად დაამარცხა.
აბუ გასულ სეზონში „ჰატაისპორში’’ თამაშობდა, თუმცა კლუბს აბურჯანიასა და სხვა ფეხბურთელების მიმართ 5-თვიანი სახელფასო დავალიანება ჰქონდა. CrystalSport-ის ცნობით, მარტის ბოლოს აბურჯანიამ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა FIFA-ში სარჩელი შეიტანეს. ფინანსური პრობლემების გამო კლუბში არაჯანსაღი ვითარება იყო. კლუბის მხრიდან ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აბურჯანიამ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ამ ტიპის პრობლემები თურქული კლუბებისთვის დამახასიათებელია.
ქართული კლუბების გარდა აბურჯანიას „ანორთოსისში'', „ხიმნასტიკში'', „სევილიას'' სარეზერვო გუნდში, „ლუგოში'', „ტვენტეში'', „ოვიედოში'', „კარტახენაში'', „ჟილ ვისენტესა'' და „ჰატაისპორში'' უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 1 გოლი შეაგდო.