რაფაელ ნადალი
Aa
Aa

აიდუკოვიჩი დაამარცხა - ნადალი ბასტადის ფინალში გავიდა

რაფაელ ნადალი შვედეთში ბასტადის ღია პირველობაზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ლეგენდარული ესპანელი ნახევარფინალში დუჟ აიდუკოვიჩს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 4:6 6:3 6:4 დაამარცხა.

პირველი სეტი მატადორმა ცუდად დაიწყო და თავისი 2 ჩაწოდება ჩააგდო, თუმცა მეოთხე გეიმში ერთი ბრეიკი შეასრულა.

ამის შემდეგ, რაფაელმა უპირატესობა ვერ მოიპოვა და პირველი სეტი წააგო. მეორე სეტი ხორვატმა ჩოგბურთელმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა მეორე გეიმში თავისი ჩაწოდება დათმო და წონასწორობა აღდგა.

მეექვსე გეიმში ნადალმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მესამე სეტი ესპანელმა დიდებულად დაიწყო, ორი ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ, აიდუკოვიჩმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ნადალმა ბოლო ძალები მოიკრიბა, მეშვიდე გეიმში მოწინააღმდეგის ჩაწოდება მოიგო, წინ გავიდა და საბოლოო მატჩიც მოიგო. რაფაელი ფინალში გავიდა, სადაც ტირანტესა და ბორგესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელი ვეტერანი ესპანელისთვის ბოლოა და წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს. მთელი მსოფლიო ახლა ნადალის ოლიმპიადაზე გამოსვლას ელოდება.

მსგავსი სიახლეები