გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„მან ფეხბურთს გიორგი მიქაუტაძე აჩუქა“ - რუმინელების სტატია მეცის მწვრთნელზე

გერმანიაში გამართული კონტინენტის პირველობის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე არამხოლოდ ამ ტურნირის, არამედ მთლიანად ევროპული ფეხბურთის აღმოჩენად იქცა. საქართველოს ნაკრების მიერ გამართული ოთხი მატჩიდან სამში 23 წლის ფორვარდმა გოლის გატანა მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისთვის დაწესებული „ოქროს ბუცის“ მფლობელიც გახდა. სწორედ ქართველი ფორვარდის შესახებ გამოქვეყნდა სტატია რუმინეთის ერთ-ერთ სპორტულ ვებ-გვერდზე, სადაც ხაზი ჰქონდა გასმული იმ ფაქტს, რომ მიქაუტაძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად „მეცის„ რუმინელი მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონის ხელმძღვანელობით ასპარეზობისას იქცა.

რას წერენ მიქაუტაძეზე

71 წლის ლასლო ბოლონიმ საფრანგეთის მოკრძალებულ კლუბ „მეცში“ გიორგი ორჯერ მიიწვია - პირველად 2022 წლის ზაფხულში, მეორედ კი 2024 წლის იანვარში, როდესაც ამსტერდამის „აიაქსში“ მისი კარიერა სათანადოდ ვერ წარიმართა და სწორედ რუმინელი სპეციალისტისგან საჭირო დროს საჭირო მხარდაჭერა იგრძნო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბოლონიმ არამხოლოდ „მეცს“, არამედ მსოფლიო ფეხბურთს ნამდვილი ვარსკვლავი აჩუქა, რომლის შესაძლებლობებისაც ამ გუნდში მისი პირველი მოსვლის დროს არავის სჯეროდა, დაბრუნების პერიოდში კი მიქაუტაძეს ერედივიზიონში განცდილი კრახის შემდეგ, რაც მისი ბრალი საერთოდ არ ყოფილა, ბევრი ჩამოწერილ ფორვარდად თვლიდა.

2022 წლის ზაფხულში „მეცმა“ საზაფხულო მოსამზადებელი ეტაპის დროს შეკრიბა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც სხვადასხვა კლუბში ჰყავდა განათხოვრებული და მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გიორგი მიქაუტაძე - 21 წლის ფორვარდს ორი წელი ბელგიის „სერენში“ იჯარის წესით ჰქონდა გატარებული და „მეცის“ შეფებს მისი იქ დატოვება კიდევ ერთი წლით სურდათ, მაგრამ საქმე საქმეზე როდესაც მიდგა, მიქაუტაძის დატოვება პირადად ლასლო ბოლონიმ მოითხოვა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გიორგის აქვს ის ხარისხი და მონაცემი, რაც მას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს.

მთავარი მწვრთნელის მიერ გაცემული ავანსების გამართლება მიქაუტაძემ პირველივე სეზონში დაიწყო - 23 გოლით ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის დასრულების შემდეგ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა რვა შემთხვევაში თანაგუნდელებს საგოლე პასი მიაწოდა და ბომბარდირის მსგავსად, საუკეთესო ასისტენტის პრიზის მოგებამდე ცოტა დააკლდა, ხოლო მისმა ასეთმა შედეგიანმა ასპარეზობამ „მეცის“ ლიგა 1-ში აღზევება განაპირობა.

გასული სეზონი ისე დაიწყო, რომ თითქოს ქართველის კარიერაში სერიოზულ წინსვლას უნდა ჩაჰყროდა საფუძველი - „მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერენმა ბოლონის პირდაპირ განუცხადა, რომ ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს იხდიდა და კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, იძულებული იყო ამ წინადადებას დათანხმებოდა.

რა დახვდა გიორგის ამსტერდამში? ქაოსი, გაუგებრობა, უნდობლობა და ყველაფერი ის, რაც ფეხბურთელს სადებიუტო სეზონში ახალ გუნდში ადაპტაციაში ხელს შეუშლის. ასეთ დროს მიქაუტაძეს როგორც უკვე მოგახსენეთ, ისევ ბოლონი დაეხმარა, თუმცა ამ უკანასკნელსა და მის გუნდს უფრო მეტად ქართველი ეხმარებოდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ „მეცი“ ქვედა დივიზიონში არ დაქვეითებულიყო, თუმცა სათანადო ხელშეწყობა დააკლდა და მიზანს ვერ მიაღწია.

ახლა გიორგი ისევ ახალ თავგადასავალს იწყებს, ოღონდ იმ ქალაქში, სადაც დაიბადა - „ლიონმა“ მის ტრანსფერში „მეცს“ 18,5 მილიონი ევრო გადაუხადა, კიდევ 4,5 მილიონს კი მეცელები ბონუსის სახით მიიღებენ და თუ შემდგომში „ოლიმპიკი“ მიქაუტაძეს სარფიან ფასად გაასხვისებს, თანხის 15 პროცენტს „მეცი“ მიიღებს.

ასე რომ, შეიძლება ლასლო ბოლონის სამწვრთნელო შესაძლებლობებისგან „მეცმა“ სათანადო შედეგები ვერ მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდილმა რუმინელმა სპეციალისტმა ფეხბურთს გიორგი მიქაუტაძე აჩუქა, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში ბოლონის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართულ 61 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მოვედით, თავს უკვე არასასურველ ფეხბურთელად გრძნობდა“ | ვალკანისი მიქაუტაძეზე
„როცა მოვედით, თავს უკვე არასასურველ ფეხბურთელად გრძნობდა“ | ვალკანისი მიქაუტაძეზე