4 ლელო ავსტრალიასთან - ზაფხულის ტესტები მარცხით დავასრულეთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია სიდნეიში, ავსტრალიელებთან შეხვედრით დაასრულა და უძლიერეს მეტოქესთან 11-ქულიანი სხვაობით, 29:40 დამარცხდა. რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა მარცხის მიუხედავად, საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშეს, მეტოქის ჩათვლის მოედანი ოთხჯერ აიღეს და გულშემატკივარს გამართული რაგბით დაამახსოვრეს თავი.
მესამე წუთზე სტუმრები ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა 8-წუთიან მონაკვეთში ორი ლელოთი უპასუხეს, აქედან ერთი კი ზუსტად გარდასახეს. პირველი ნახევრისთვის დარჩენილ დროში მხარეებმა ერთმანეთის ჩათვლის მოედანი თითოჯერ აიღეს და შესვენებაზე ავსტრალიელები 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლელო მიხეილ ბაბუნაშვილის ანგარიშზეა, რომელიც ზუსტი გარდასახვით მატკავამ დააგვირგვინა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველები გაცილებით უფრო ორგანიზებულად და მაღალ დონეზე გამოიყურებოდნენ, რაც შედეგშიც აისახა - რვაწუთიან მონაკვეთში ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანი ჯერ დავით ნინიაშვილმა, შემდეგ კი აკა ტაბუცაძემ აიღომ, რომლის ეფექტური გარღვევა და დრიბლინგიც ნამდვილი სარაგბო სანახაობა გახლდათ. ამ უკანასკნელმა მატჩის ბოლოსკენ დუბლიც შეასრულა და ეს ლელო მის სანაკრებო კარიერაში საიუბილეო, მე-40 აღმოჩნდა, მაგრამ ავსტრალიელების შეტევების შეჩერება ბორჯღალოსნებმა ბოლომდე ვერ შეძლეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, დასანანი მარცხი განიცადეს.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, დღეს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.