„კარგად შეფუთული საშინელება იყო“ - სკალონიმ ამერიკული მოედნები მიწასთან გაასწორა
ფინალურ შეხვედრაში კოლუმბიელების დამატებით დროში 1:0 დამარცხებით, არგენტინის ნაკრებმა ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას მიაღწია და კოპა ამერიკა მოიგო. ბუნებრივია საკუთარი გუნდის ფეხბურთელების გამოსვლით ალბისელესტეს დამრიგებელი ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მოედნების ხარისხით აღშფოთება ვერ დამალა და ტურნირის ორგანიზატორები სერიოზულად გააკრიტიკა.
რა თქვა სკალონიმ
თავიდანვე ყველამ ვიცოდით, რომ ამ მინდვრებს უმეტეს შემთხვევებში არა „სოკერის“, არამედ ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ იყენებენ, მაგრამ ხომ შეეძლოთ ტურნირის ორგანიზატორებს ასეთი დონის საფეხბურთო შეჯიბრების წინ, როგორიც კოპა ამერიკაა, მოედნები სათანადოდ მოემზადებინათ. თან საქმე სერიოზულ ეშმაკობასთან გვქონდა - ყველაფერი ისე ჰქონდათ შეფუთული, რომ იერსახე დაკარგული არ გახლდათ და ტელევიზორთან მსხდომი გულშემატკივრები ვერცკი წარმოიდგენდნენ, თუ როგორ საშინელ საფარზე უწევდათ ფეხბურთელებს თამაში. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - ჰკითხეთ არგენტინის ნაკრების, ან სხვა გუნდის ნებისმიერ ფეხბურთელს და ჩემ სიტყვებს დაგიდასტურებთ.
სკალონის ამ განცხადებამ ბუნებრივია უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზუსტად ორ წელიწადში კანადასთან და მექსიკასთან ერთად მუნდიალს უნდა უმასპინძლოს და რამდენად შეძლებენ, ამერიკელები არსებული სავალალო ვითარების 24 თვეში გამოსწორებას, ძალიან რთული სათქმელია.